მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

222 640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება - საზოგადოება და ბანკები

ფული სესხი

222 640 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებში, სადაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილეს.

მათი ინფორმაციით, 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 222 640 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.00%-ზე დატოვა.

"222 640 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია - 179 240 (80%). 40 480 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზეა გაცემული და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების მხოლოდ 0.9 %-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 17.8 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.3 მლრდ ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.3 მლრდ ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.7 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.2 მლრდ ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 64 600 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 300 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 142 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 617 587 ლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით მცირედით გაზრდილია საშუალო საპროცენტო განაკვეთები ლარში სესხებზე. სამომხმარებლო - 14.23 % (შარშან - 13.38%); იპოთეკური - 12.09% (შარშან - 11.72%). მცირედით შემცირდა განაკვეთი დოლარში - 7.71%-დან 7.45%-მდე", - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორებო.

საზოგადოება და ბანკებში აღნიშნავენ, რომ ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა 5.2%. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 12%-იანი ფასების ზრდით.

"ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან თვლის, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა", - მიიჩნევენ საზოგადოება და ბანკბეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები