225 კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს. შესაბამისი განცხადება კინემატოგრაფისტებმა გამოაქვეყნეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროტესტის ნიშნად, ისინი აღარ აპირებენ კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას.
"ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!
პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს", - წერია განცხადებაში.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც კინემატოგრაფისტები აცხადებენ, ისინი ითხოვენ სისტემურ ცვლილებას - კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას. "გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება", - აცხადებენ კინემატოგრაფისტები.
ცნობისთვის, კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილის კობა ხუბუნიას დანიშვნასთან დაკავშირებით.