23-24 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა.
გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, მერკელი საქართველოსთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეწვევა.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერია, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზალკალიანმა.

























