23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში უკვე 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, რეკორდული მოსავალია.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა.
მთავარი რთველის რეგიონში, კახეთში, სულ გადამუშავებულია 323 ათასამდე ტონა ყურძენი, მათ შორის:
- 170 ათასამდე ტონა რქაწითელი;
- 134 ათასამდე ტონა საფერავი;
დანარჩენი კი სხვა ჯიშის ყურძენია.
ამ ეტაპზე, აქტიური რთველი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
რთველი მიმდინარეობს აგრეთვე მევენახეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში – ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც სამინისტროს ცნობით, მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ მიღებულია 112 ტონამდე ყურძენი, ხოლო წლევანდელი მოსავლის პროგნოზი დაახლოებით 1.4 ათას ტონას შეადგენს.
რთველი უკვე დასრულდა რაჭაში, სადაც ასევე რეკორდული 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი მიიღეს, რომელიც სრულად დაბინავდა.




























