ორშაბათს, 24 ივნისს, სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები, რუსეთიდან ფრენების შეჩერების შედეგებზე და საპასუხოდ, სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE–ს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
"ორშაბათს გვაქვს დიდი შეხვედრა სასტუმროებს და დავიგეგმებით. დარწმუნებული ვარ, პუტინის აკრძალვის მიუხედავად, მაინც ჩამოვა რუსი ტურისტი და იმას უფრო მეტი ფასდაკლებები უნდა დავახვედროთ, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ.
ქართული ტურიზმის სექტორი ნამდვილად არ იყო 100%–ით რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და დარტყმა იქნება, მაგრამ ისეთი არა, რომ დაანგრიოს. ეს ფაქტორი პირიქით უნდა გამოვიყენოთ და ტურიზმის ბაზარი დივერსიფიცირებული გავხადოთ", – მიიჩნევს შალვა ალავერდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.
კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

























