მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„24-საათიან რეჟიმში შეკვეთებს ვიღებთ“- „აგრითაჩმა“ ქართული მოცვი პირველად გაიტანა ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე

ლურჯი მოცვი

ქართული მოცვის ექსპორტიორმა კომპანია „აგრითაჩმა“ მიმდინარე წელს ექსპორტის გეოგრაფია გააფართოვა და პროდუქცია პირველად ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე გაიტანა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებიდან, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ქართული მოცვის მიმართ ინტერესი მაღალია და კომპანიას შეკვეთები ყოველდღიურად აქვს, თუმცა ექსპორტის ზრდას საქართველოში არსებული ლოგისტიკური პრობლემები აფერხებს.

„24-საათიან რეჟიმში ვიღებთ შეკვეთებს ამ ბაზრებიდან. წელს დაგვემატა სამი ახალი ბაზარი - ომანი, ინდოეთი და ისრაელი. ინდოეთის მიმართულებით ტრანზიტი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ამას წყალდიდობაც დაემატა და ტვირთის დროულად გატანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე პერსპექტიული ბაზრები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებია, თუმცა პრემიუმ სეგმენტში დასამკვიდრებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი აღარ არის საკმარისი.

ვეფხვაძის თქმით, აზიისა და ევროკავშირის ბაზრები საცალო ქსელებისთვის განკუთვნილ, ეტიკეტირებულ და მცირე შეფუთვაში მოთავსებულ მოცვს ითხოვენ, მაშინ როდესაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 90% კვლავ რუსეთის ბაზარზე დაუფასოებლად, ე.წ. bulk-ის ფორმით გადის.

„ცალკეულ ბაღებს შეფუთვის დანადგარები აქვთ, თუმცა მათი წარმადობა მცირეა. ფერმერებისთვის მთავარი ამოცანა მოსავლის დროულად რეალიზებაა, ამიტომ დაფასოებული პროდუქტის წარმოება ხშირად მეორე პლანზე გადადის“, - აღნიშნა მან.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ წელს „აგრითაჩი“ დაახლოებით 25-30 ტონა მოცვის საჰაერო ექსპორტს განახორციელებს. თუმცა, მისი შეფასებით, ავიაგადაზიდვები მნიშვნელოვნად გართულებულია როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების, ისე საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქართული მოცვის ექსპორტის ზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა აეროპორტებში სამაცივრე და სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. „კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც სატვირთოც იქნება და სამაცივრეც, ჩემი აზრით, იდეალური ჰაბი იქნება რეგიონისთვის,“ - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.

მისივე შეფასებით, სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად სამი მთავარი კომპონენტია საჭირო: მაღალი ხარისხის წარმოება, კრეფის შემდგომი სწრაფი გაგრილებისა და შენახვის სისტემა, ასევე თანამედროვე შესაფუთი ინფრასტრუქტურა და ეფექტიანი ლოგისტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები