მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"24-წლიანი ლოდინის შემდეგ, კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა დაიგო"|ირმა დაუშვილი

ირმა დაუშვილი

დასასვენებელი კომპლექსი “Nunisi Forest Hotel and Spa”-ს თანადამფუძნებელ ირმა დაუშვილის ინფორმაციით, კურორტ ნუნისამდე მისასვლელი 28-კილომეტრიანი გზის დაგება დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც კურორტ ნუნისის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია. ის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია. კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს - ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას,ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია.

“მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საუბარია თბილისიდან მიმავალ, ჩუმათელეთიდან გადასახვევ 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ფაქტობრივად, განადგურებული იყო. 24-წლიანი მოლოდინის შემდეგ, საქმეში გამოცდილი კომპანია ჩაერთო და გზა იგება. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - 24 კილომეტრი სრულად მოასფალტებულია. ნუნისის გულშემატკივრებს სიამოვნებით ვაცნობებ, რომ ეს უკვე თანამედროვე გზაა. დარჩენილია სულ რაღაც 2-3 კილომეტრი, რომელსაც, ალბათ, ახალ წლამდე დაასრულებენ. ამის შემდეგ ნუნისში ჩასვლა თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც ზუსტად ორ საათში იქნება შესაძლებელი”, - თქვა ირმა დაუშვილმა.

დასასვენებელი კომპლექსი "ნუნისი" ირმა დაუშვილმა 2002 წელს, პარტნიორთან ერთად დააფუძნა და განვითარება დაიწყო.

“ამ 24 წლის განმავლობაში ათობით ათასმა ადამიანმა შეძლო მკურნალობა და დასვენება. ეს არის უნიკალური სამკურნალო კურორტი, სადაც ისეთ რთულ დაავადებებს მკურნალობენ, როგორებიცაა კანის დაავადებები: ფსორიაზი, ატოპური დერმატიტი, ეგზემა და სხვა”, - აღნიშნა მან.

ირმა დაუშვილი იმედოვნებს, რომ კურორტზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ტემპი დაჩქარდება და ნუნისის გაზიფიკაცია და ინტერნეტიზაცია მალე მოხდება. ასევე, კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური ხდება.

“იმედია, ნელ-ნელა სხვა კომუნიკაციებიც შემოგვემატება და ამას კიდევ 20-24 წელი არ დასჭირდება”, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები