25 თებერვალს ეროვნული გაფიცვა იმართება. ამით გვინდა, პირველ რიგში ერთმანეთს შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელიც არ არის ხანმოკლე და ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველო აღარასოდეს მოხვდეს რუსეთის კლანჭების ქვეშ, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ Start business solution-ის მმართველი პარტნიორმა, ლარისა პატარაიამ ისაუბრა.
მისი შეფასებით, გამაფრთხილებელმა გაფიცვამ ბიზნესს სულზე მოუსწრო, რადგან არ აქვს ბევრი ინსტრუმენტი, რომ საკუთარი ნება გამოხატოს. ის დასძენს, რომ 15 იანვრის გაფიცვის შედეგები მისთვის მოულოდნელიც კი იყო, რადგან არ ელოდა ამდენი ბიზნესის შეერთებას.
„გამაფრთხილებელმა გაფიცვამ ბიზნესს სულზე მოუსწრო, რადგან არ აქვს ბევრი ინსტრუმენტი, რომ საკუთარი ნება გამოხატოს. ვიცით, რომ ერთ-ერთი იყო freebusiness-თან გაერთიანების კომპონენტი და მეორე არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობას არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველდღე აქციებზე იდგნენ. ამიტომ გაფიცვა არის ახალი ფორმა, როდესაც სამუშაო ადგილიდან შეგიძლია დააფიქსირო საკუთარი აზრი. 15 იანვრის გაფიცვის შედეგები ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის, რადგან არ მეგონა, რომ ამდენი ბიზნესი შეუერთდებოდა. თუმცა ბიზნესმა საკუთარ თანამშრომლებს არ შეუშალა ხელი, რომ საკუთარი ნება გამოეხატათ.
25 თებერვალს, ადამიანები, რომლებიც 4 საათზე დაკეტავენ თავიანთი სამსახურის კარს, შემდეგ მათ იციან სად უნდა წავიდნენ. ჩვენ თბილისის მასშტაბით გვაქვს 6 ლოკაცია, რომელიც ჩვენი გმირების სახელობისაა და ამ ლოკაციებზე შეიკრიბებიან ადამიანები, საიდანაც მარშები გაიმართება. 19:00 საათზე ერთად, დამაგვირგვინებელი ფიცის დადების ცერემონია იქნება რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, არაფერი არ შეცვლილა. რომ რა მოთხოვნებიც 3 თვის წინ გვქონდა, ახლაც ის მოთხოვნები გვაქვს“, - ამბობს პატარაია.
Start business solution-ის მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან რეგიონებიც, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე და ა.შ. მისი თქმით, რეგიონების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა მათიც არის.