"ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდა შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო რთულია", - ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციის „თხილის გულის“ კომუნიკაციების მენეჯერმა, ელენე ფანჯიკიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას 250 ბენეფიციარი ჰყავს, რომელსაც საკვებით უზრუნველყოფს, თუმცა მსურველთა რიცხვი მათ შესაძლებლობებს აჭარბებს.
„ამ ეტაპზე „თხილის გულს“ კვლავ 250 ბენეფიციარი ჰყავს და მიუხედავად ადამიანების მაღალი მომართვიანობისა, ჩვენ რაოდენობას ვერ ვზრდით არასაკმარისი ფინანსების გამო. თუმცა, მომართვიანობა ნამდვილად ძალიან დიდი არის“, - აღნიშნავს ფანჯიკიძე.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია სოციალურად ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება და ყოველდღიურად მათ ცხელ სადილს სთავაზობს. ელენე ფანჯიკიძის თქმით, „თხილის გული“ შეიქმნა იმ ადგილზე, სადაც მაშინ თონე იყო, საიდანაც უფასოდ პურს გასცემდნენ: „ერთ-ერთმა სთხოვა მამა ალექსანდრე გალდავას, რომ მათთვის ცხელი სადილიც მოემზადებინათ და აქედან იწყება უკვე უშუალოდ სასადილოს ისტორია. დავიწყეთ 30 ბენეფიციარით და დღეს ბენეფიციარების რაოდენობა უკვე 250-მდე არის გაზრდილი“.
ელენე ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ „თხილის გულს“ აქვს საკვანძო პროექტი „მეგობარი“, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე ორგანიზაციისთვის: „ჩვენ საკმაოდ წარმატებული პროექტი გვაქვს „მეგობარი“, რომლის ფარგლებში ერთი ადამიანის სრულფასოვანი კვება თვეში 100 ლარი გვიჯდება. თუ ვინმე გადაწყვეტს ბენეფიციართან დამეგობრებას, თვეში 100 ლარის ჩარიცხვით ეს ადამიანი ყოველდღიურად მიიღებს ცხელ სადილს. ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს 218 “მეგობარი” და ვეძებთ 32 მეგობარს, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოჩნდებიან“.
რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, როგორც ელენე ფანჯიკიძე აღნიშნავს: „ცნობიერება იზრდება, მაგრამ არა თანაბრად. ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქველმოქმედება მნიშვნელოვანია, მაგრამ მცირე ნაწილი არის სისტემატურად ჩართული. ხშირად უჩნდებათ კითხვა, „მე რას შევცვლი?“ და ასევე, როცა პრობლემას ბევრი ხედავს, უჩნდებათ განცდა, რომ მათ მაგივრად სხვა იმოქმედებს. ყველაზე დიდი დაბრკოლება ადამიანისთვის ქველმოქმედების კეთებაში არის არა ინფორმაციის ნაკლებობა, არამედ მოტივაციის და ნდობის დეფიციტი. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ვაჩვენოთ შედეგი. ორი წელია, რაც გამოვჩნდით სოციალურ ქსელებში“.
ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ელენე ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ „თხილის გულს“ აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას.
„ჩვენ გვაქვს პროექტი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ქველმოქმედება ბავშვობიდან იწყება. მათ შეუძლიათ მოსვლა, პროცესში ჩართვა, სადილის გაცემაში მონაწილეობის მიღება. სკოლები გამოთქვამენ დიდ ინტერესს, მოდიან და ერთვებიან“,- აღნიშნავს ის.
ელენე ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ „თხილის გული“ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას აწყდება. მისი თქმით, მთავარი ამ ეტაპზე კვლავ მეგობრების მოძიებაა - ორგანიზაციას ისინი სჭირდება, რათა შეძლოს ბენეფიციარების სიღრმისეული მხარდაჭერა.
„ჩემთვის მთავარი გამოწვევა კვლავ მეგობრების მოძიებაა. ამ ეტაპზე შეიძლება 32 მეგობარს ვეძებთ, თუმცა ხვალ შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ასევე ჩვენი დიდი პრობლემა არის შენობის რეაბილიტაცია, სადაც „თხილის გული“ ფუნქციონირებს, იმისთვის რომ გამართულად მუშაობდეს, გვჭირდება პრობლემების მოგვარება“, - თქვა მან.




























