მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

252 მოქალაქეს ზედმეტად მიღებული ₾600 ათასის დაბრუნება აღარ მოუწევს - ვის შეეხება ამნისტია?

ფული

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციების ზედმეტად გაცემულ თანხებს ეხება. ცვლილება შედის კანონში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და ითვალისწინებს 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში გადახდილი თანხების ლეგალიზაციას. საუბარია 600 000-მდე ლარზე.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გაცემული თანხები ლეგალიზებულად ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარებს ან მათ მემკვიდრეებს სახელმწიფოსთვის ფულის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ.

მოქმედი კანონით, სახელმწიფო კომპენსაცია წყდება, მაგალითად, მაშინ, როცა ბენეფიციარი იწყებს საჯარო საქმიანობას, სასამართლო განაჩენით თავისუფლების აღკვეთა ენიჭება ან გარდაიცვლება. თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა შესაბამისი ინფორმაცია დაგვიანებით ხვდება სისტემაში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, შეღავათი სულ 252 პირს შეეხება. ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ჯამური ოდენობა კი 600 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, შეწყდება 32 მიმდინარე სასამართლო დავა, რომლებიც ზედმეტად გაცემული თანხების ამოღებას ეხება და შეწყდება შესაბამისი ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, თანხების ზედმეტად დარიცხვა ძირითადად ინფორმაციის დაგვიანებით გაცვლას უკავშირდება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პრობლემა ისაა, რომ ხშირად ბენეფიციარები კანონით დადგენილ 15-დღიან ვადაში არ ატყობინებენ სააგენტოს დასაქმების შესახებ. ასევე, თვეში საშუალოდ 30-მდე შემთხვევაა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი ფაქტს გვიან არეგისტრირებს. ხარვეზებია უწყებათაშორის კომუნიკაციაშიც ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაცია სააგენტოს ხშირად მაშინ მიეწოდება, როცა თანხა უკვე გაცემულია.

„ზედმეტად გაცემული თანხების ამოღება ბენეფიციარებისთვის მტკივნეული პროცესია, რომელიც ხშირად დროში ხანგრძლივდება და ხანდაზმული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა“, - ნათქვამია კანონპროექტის დასაბუთებაში.

სახელმწიფო კომპენსაციების მსგავსი ამნისტია საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ 2013, 2016 და 2021 წლებშიც მიიღო.

კანონპროექტის ავტორი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. კანონი, რომლის განხილვაც დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე იწყება, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები