მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"26%-იანი ფასდაკლება ყველას, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას" - CampShare-ის ინიციატივა

26

სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა/გაქირავების კომპანია CampShare 26%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველა მომხმარებელს, ვინც 26 ოქტომბერს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მაღაზიის ფილიალში თავის მარკირებას დააფიქსირებს - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დირექტორი, ბექნუ გულედანი ესაუბრა.

CampShare-ის დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანიას, ისევე როგორც ფიზიკურ პირს, ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია, კომპანიის სურვილი და მოქალაქეების მიერ ამ ვალდებულების შესრულების წახალისებაა.

"ჩვენი ხედვაა, რომ იურიდიული პირიც ისეთივე მოქალაქეა ამ ქვეყნის, როგორც ფიზიკური და, თუკი სოციალური და პოლიტიკური ვალდებულება აკისრია საქართველოს მოქალაქეს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დაახლოებით ეგრე ვხედავთ, რომ იურიდიულ პირსაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საზოგადოების მიმართ. ეს ჟესტი ერთგვარი წახალისებაა ამომრჩევლის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეასრულონ თავიანთი ვალდებულება ქვეყნის წინაშე.

ამავე დროს, გვსურდა, სხვა ბიზნესებისთვისაც მოგვეწოდებინა, შემოერთებოდნენ ამ კამპანიას და, საერთო ჯამში, მიგვეღო დიდი აქტივობა არჩევნებზე, რადგან ეს ყველაზე სწორად ასახავს ქვეყნის მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმაციას", - განაცხადა ბექნუ გულედანმა.

ფასდაკლებით სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებელი 26 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე, გაიაროს მარკირება, შემდეგ კი სამუშაო საათებში გამოცხადდეს ბუდაპეშტის ქუჩა N38-ში მდებარე ფილიალში, სადაც მარკირების შემოწმების შემდეგ ფასდაკლებით ისარგებლეს: "ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება საერთოდ არ გვაინტერესებს, გვინდა, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს თავიანთი უფლებით".

CampShare-ის ინიციატივას კიდევ ორი კომპანია, სოციალური საწარმოების კონცეპტუალური მაღაზია "ესკი" და ლიცენზირებული კომიქსების პირველი ონალინ-მაღაზია "Rusty Comics" შეურთდნენ, რომლებმაც ამის შესახებ თავიანთ Facebook გვერდებზე განაცხადეს.

რაც შეეხება CampShare-ს, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია სალაშქრო აღჭურვილობას ყიდის, ზამთრის სასრიალო ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აღჭურვილობის გაყიდვა/გაქირავებას კი ამ ზამთრიდან იწყებს. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ზამთრის სრული აღჭურვილობის ყიდვა მომხმარებელს 900-1200 ლარი უჯდება, ქირაობა კი 10-ჯერ უფრო ნაკლები. რაც შეეხება საბაზისო სალაშქრო ნაკრებს, რაც ითვალისწინებს კარავს, 2 პარალონსა და 2 საძილე ტომარას, ფასი 600 ლარიდან იწყება და იზრდება, ქირაობა კი ღამეში 45 ლარადაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები