მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ღირებულებითი ტესტი უნდა ჩააბაროს - ნუგზარ კოხრეიძე

ნუგზარ კოხრეიძე

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც “რუსული კანონის” რეესტრში საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, “თაობათა დიალოგი” წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და გადაწყვეტილება წევრებმა ერთობლივად მიიღეს.

„ნებაყოფლობით არ დავრეგისტრირდით მსგავს რეესტრში. მზად ვართ და არ გვეშინია ჯარიმის გადახდის“, - ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, რომლის აზრითაც, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ღირებულებითი ტესტი უნდა ჩააბაროს.

„26 ოქტომბრის არჩევნები არის ღირებულებითი არჩევნები, რადგან საქართველოს მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს ტესტი - არის თუ არა ევროპული პრინციპები ქართული პრინციპები და ევროპული ღირებულებები ნამდვილად ქართული ღირებულებები, როგორც ამას ამბობს ჩვენი წარსული.

მეორე საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა {რუსული კანონის გამო}. მთელი 30 წლის განმავლობაში შეგვიძლია ფაქტებით ვისაუბროთ, რომ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს და კანონის ძალით ორგანიზაციების და ადამიანების იძულება, რომ საკუთარ თავს უწოდონ „აგენტები“, არის უზარმაზარი შეურაცხყოფა და პიროვნების და ღირსების შელახვა. ჩვენ გვინდა, გვქონდეს საშუალება, ვაკეთოთ ჩვენი საქმე საქართველოს მოქალაქეებისთვის; არავისგან არ ვიღებდეთ დავალებას და არავინ გვეძახოს, რომ „აგენტები“ ვართ“, - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც ორგანიზაცია იმერეთში ახორციელებს.

„ამ {რუსული} კანონით შეგვეზღუდა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. თუ 26 ოქტომბერს დავშორდებით ევროკავშირს, ყველა ის სიკეთე, რომელიც მოდიოდა ევროპიდან და დასავლეთიდან და ნაწილდებოდა ჩვენი ორგანიზაციის გავლით, ახალგაზრდებზე, არ იარსებებს.

მაგალითად, ახლა, პარტნიორებთან ერთად, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც სკოლებში დემოკრატიის განვითარებას ეხმარება. პროგრამის მიზანია, გაძლიერდეს მოსწავლეთა თვითმმართველობები, გაძლიერდეს სამოქალაქო კლუბები და ა.შ. პროგრამა უამრავ მასწავლებელს, მათ შორის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს აძლევს განვითარების საშუალებას. შეიძლება, ეს პროგრამა შეჩერდეს და 650 სკოლას და მათ მოსწავლეებს არ მიეწოდოს რესურსები. ეს ყველაფერი უნდა დაიკარგოს იმიტომ, რომ ვიღაცებს სურთ ძალაუფლების შენარჩუნება და მზად არიან, ამისთვის ყველაფერი გადახაზონ, ჩვენ კი დაგვაბრალონ, რომ უცხო ძალის ინტერესებს ვატარებთ“, - აცხადებს ნუგზარ კოხრეიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები