ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველოსთვის კურსის შემობრუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის 18 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარადგინა.
ვარჰეის თქმით, კურსის შემობრუნება შესაძლებელია სადავო კანონების ["რუსული" და ანტი ლგბტ კანონი] გაუქმებით და 9 ნაბიჯზე პროგრესით.
"2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა სათანადო პოლიტიკური ერთგულება ხელისუფლების მხრიდან, რომ გაეტარებინათ საჭირო რეფორმები ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესისთვის.
მნიშვნელოვანი ნეგატიური განვითარებები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ჩათვლით და სხვა კანონების, რომლებიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს და ასევე საქართველოს ოფიციალური პირების ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ტრაექტორია.
ამასთან, საქართველომ უმნიშვნელო პროგრესი აჩვენა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით და ზოგიერთ მათგანში უკუსვლა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერდა. საქართველოსთვის კურსის შემობრუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კერძოდ, ჩვენ ველით, რომ საქართველო გააუქმებს საკამათო კანონებს, რომლებიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომლებიც კვლავაც ძალაშია",- აღნიშნა ევროკომისარმა.
ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას.
"26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც მოხდა მაღალი დაძაბულობისა და პოლარიზაციის გარემოში. ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო გამოკვეთილია წინა ძირითად რეკომენდაციებში.
ჩვენი მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულნი ვრჩებით იმ იმედით, რომ საქართველო გადაჭრის არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა",- განაცხადა ვარჰეიმ.