საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, მიმდინარეობს დეპარატამენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი.
"პროცედურის ფარგლებში, 2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-დან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულის გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გეგმური ინსპექტირება და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პერიოდის ფარგლებში.
"გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით,"- ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეოთხე მონაკვეთის სიგრძე 9.5 კილომეტრს შეადგენს და ის ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ ააშენა. როგორც დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, ამ კონტრაქტორთან სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს.