27 ოქტომბერს, განათლების საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო Courtyard Marriott -ში ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge) ავრცელებს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.
მათი ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ. კერძოდ, ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (ფრანგული ინსტიტუტი, ESN, AIESEC, DAAD და სხვა.), რომელთაც ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიები აქვთ.
ორგანიზატორების ცნობით, მონაწილეები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
როგორც Edu-Guide.Ge.-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
საგანმანათლებლო გამოფენა მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება და დაინტერესებულ პირებს მასზე დასწრება 12:00 დან -17:00სთ-მდე შეეძლებათ.