მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 ქართველი პროდუქტის დიზაინერი ერთ სივრცეში — The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში

Tbilisi Architecture Forum 2026
10.09.26 20:18
134

18–20 სექტემბერს, Expo Georgia-ს მე-6 პავილიონში, თბილისის არქიტექტურის ფორუმის ფარგლებში, 25 ქართველი პროდუქტის დიზაინერის მონაწილეობით მასშტაბური გამოფენა — The Foundation of Things — გაიმართება.

გამოფენა, რომელიც Georgian Objects-თან თანამშრომლობით შეიქმნა, თანამედროვე ქართული პროდუქტის დიზაინის მრავალფეროვან პრაქტიკებს აერთიანებს და ყურადღებას არა მხოლოდ საბოლოო ობიექტზე, არამედ იმ პროცესზე ამახვილებს, რომელიც მის შექმნამდე მიდის.

ხშირად ჩვენამდე აღწევს უკვე დასრულებული ნამუშევარი — ფორმა, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა უხილავი რჩება გზა, რომელმაც ის საბოლოო სახემდე მიიყვანა: რა იდეა იდგა დასაწყისში, რა კვლევა, ძიება და ექსპერიმენტი გაიარა ავტორმა და რა ინტელექტუალურმა თუ პრაქტიკულმა გადაწყვეტილებებმა განსაზღვრა საბოლოო შედეგი.

The Foundation of Things სწორედ ამ უხილავ პროცესს იკვლევს.

გამოფენის კონცეფციაში „საფუძველი“ მხოლოდ ფიზიკურ საყრდენს არ გულისხმობს. ის აერთიანებს ცოდნას, გამოცდილებას, მასალას, ტექნიკას, გარემოსა და პირად ხედვას — ყველაფერს, რაზეც თითოეული დიზაინერული ნამუშევარი იქმნება.

გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს, ობიექტს შეხედოს არა მხოლოდ როგორც დასრულებულ ფორმას, არამედ როგორც გადაწყვეტილებების ჯაჭვის შედეგს — გაიაზროს, სად დაიწყო იდეა, რა შეიცვალა პროცესში და რა დარჩა საბოლოო ფორმაში.

ამგვარად, The Foundation of Things განსხვავებულ დიზაინერულ პრაქტიკებს ერთი მარტივი, თუმცა ფუნდამენტური კითხვის გარშემო აერთიანებს:

„რაზე დგას იდეა, სანამ ის ობიექტად იქცევა?“

გამოფენის კურატორია მარიამ წიკლაური.

გამოფენაში მონაწილეობენ:

ანუკა თავართქილაძე / TAKAGI / Transfigure Atelier / ლადო ლომითაშვილი / ლევან მინდიაშვილი / XYZ Integrated Architecture / სანდრო ლომინაშვილი/ მაკა ჯაფარიძე / Shre Studio / თამთა გოცაძე / ნუკი ბოკუჩავა / ლევან იურაშვილი / NS Studio / Project Folie / The Version / Basetale Studio / ლადო ბენძე / Kasumi Studio / Garbage Kids / Design Bureau / Elements Studio / ვალო იმერლიშვილი / ნინა ჩხაიძე / გიორგი მაღრაძე / გიორგი დოლიძე / ზურა არაბიძე / სანდრო გოგიაშვილი

The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის პროგრამის ნაწილია და მისი მთავარი მიზანია ქართული პროდუქტის დიზაინის თანამედროვე პრაქტიკების წარმოჩენა და იმ იდეების, პროცესებისა და გამოცდილებების ჩვენება, რომლებიც ობიექტის საბოლოო ფორმის მიღმა დგას.

გამოფენის მთავარი მხარდამჭერია კომპანია Domus, პარტნიორი — Zeekr Center Tegeta, ხოლო Cityzen თბილისის არქიტექტურის ფორუმის დამფუძნებელი პარტნიორია.

გამოფენის დეტალები

The Foundation of Things
18–20 სექტემბერი
Expo Georgia — პავილიონი 6
11:00–21:00
დასწრება უფასოა

Tbilisi Architecture Forum 2026 18–20 სექტემბერს თბილისში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში არქიტექტურის, დიზაინის, ურბანული განვითარების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლებს გააერთიანებს თემის გარშემო— Places in Transition. სრულად ინფორმაციას მათ ვებ გვერდზე გაეცნობით: https://taf.com.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები