მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - ექიმი

605446cfbd6b7
ინგა მურუსიძე
19.03.21 10:40
655
27 წლის ახალციხელი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - განცხადება მისმა ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ გააკეთა.

როგორც ექიმი განმარტავს, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა ექიმებმა სიტუაციის დასტაბილურება მოახერხეს. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში, ჩაუტარდა ყველა კვლევა, ტვინის ფუნქცია განისაზღვრა და ტვინი ცოცხალია. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია, აპარატი და პაციენტი სუნთქავენ სინქრონში, რაც კარგია, თუმცა წნევა რეგულირდება სამი ძლიერი მედიკამენტის მაქსიმალური მხარდაჭერით. ტემპერატურა წამოვიდა დაბლა. მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. კიდევ 24 საათში ჩატარდება ღრმა კვლევა და ამის შემდეგ ვისაუბრებთ შემდგომ მკურნალობაზე“, - განაცხადა ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, მეგი ბარბაქაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წუთში განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი.

მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თან ახლავს თანმდევი რეაქცია და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები