მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28-29 ნოემბერს თბილისში Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება - რა შესთავაზებს დამთვალიერებელს?

აგროექსპო

28-29 ნოემბერს თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიხსნება. ღონისძიების შესახებ გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლებმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრეს.

გამოფენაზე, რომელიც წლებია სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს, წელს 50-მდე კომპანიას, 6 ქვეყნიდან აერთიანებს. დამთვალიერებლებს და დაინტერესებულ მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას.

MarMot-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლიკა ბახსოლიანი ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. მისი თქმით, კომპანია ღონისძიებაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს და ის წლევანდელი გამოფენიდანაც მნიშვნელოვან წინსვლას ელოდება.

"მნიშვნელოვანია გითხრათ, რომ 28 და 29 ნოემბერს, "ექსპო ჯორჯიას" გამოფენაზე “ტავოლის” და კომპანია MarMot-ის თანამშრომლობით, სტუმრებს განსაკუთრებით საინტერესო და ხელსაყრელი შეთავაზებები დახვდებათ. “ტავოლი”, ეს არის ბრენდი, რომელიც მუდმივად აახლებს ტექნიკას ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება, "სავრუკოღლუს" ახალი კულტივატორები და გუთნები, შესასხურებელი და სათესი ტექნიკა.

ღონისძიება ხელს უწყობს აგროსექტორის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას. ჩვენი კომპანია უკვე მესამე წელია მონაწილეობს ამ გამოფენაში და ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი სიახლეები, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”, - თქვა მან.

AgroNova Ltd-ის მმართველი პარტნიორი, მიხეილ გაბუნია ამბობს, რომ თანამედროვე აგრობიზნესს წარმატებისთვის კაპიტალური ინვესტიციები და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება. მისი განმარტებით, კომპანიებმა უფრო ეფექტურად უნდა იმუშაონ, რათა ინვესტიციებზე მაღალი ამონაგები მიიღონ, ხოლო AgroNova მათ ამ პროცესში მხარდაჭერას სთავაზობს.

„გამოფენაზე წარმოდგენილი 50 კომპანია ჩვენთვის კონკურენტები არ არიან – მათ პარტნიორებად აღვიქვამთ, რადგან საერთო მიზანია ინოვაციების დანერგვა ქართულ აგრობაზარზე,“ – განაცხადა გაბუნიამ.

Proagro-ს დამფუძნებელი და დირექტორი, დავით მალაზონია ამბობს, რომ ღონისძიების ფარგლებში, ფერმერებისთვის დანახარჯების შემცირებასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე პრეზენტაციას გამართავენ.

„ჩვენ ვნერგავთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფერმერულ მეურნეობას დისტანციურად მართვადი პროცესების დანერგვაში ეხმარება. მომხმარებლებს სისტემის გამოყენებას ვასწავლით, ვატარებთ ტრენინგებს და ხშირად, თბილისიდანვე ვმართავთ პროექტებს. ამ ტექნოლოგიით სასუქების დანახარჯი 2-დან 4-ჯერ მცირდება - თუ როგორ, ამაზე პრეზენტაციას ექსპოზე გავმართავთ“, – აღნიშნა მალაზონიამ.

ინფორმაციისთვის, Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 ორი დღის განმავლობაში სტუმრებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ პროდუქტებსა და პარტნიორობის ახალი შესაძლებლობებს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები