ევროკონტროლის ქსელის მასშტაბით, რომელშიც საქართველოც შედის, ისტორიაში პირველად, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ფრენა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. საქაერონავიგაციის ინფორმაციით, ივლისში ევროპის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 35 000 ფრენა სრულდებოდა. მემილიონე ფრენა კვირას, შუადღისას შესრულდა.
28 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. შპს “საქაერონავიგაცია ამ დღეს 537 ფრენას (ინსტრუმენტალური + ვიზუალური ფრენები) მოემსახურა. ფრენების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება არამარტო ივლისის თვეში, არამედ გასული 6 თვის განმავლობაში. საქართველოში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით არის გაზრდილი.
„ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა ფრენების რეკორდულ რაოდენობას ემსახურება. ეს კი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პან-ევროპული ქსელის მიდგომა დატვირთული საჰაერო სივრცეების სამართავად. ევროკონტროლი, როგორც ქსელის მენეჯერი მთელი ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთაც მუშაობს პარტნიორებთან, რათა წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი მგზავრის ეფექტური გადაადგილება უზრუნველყოს“, - აცხადებს ქსელის მენეჯერის დირექტორი ჯო სულთანა.

























