საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში თბილისში და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის 28 კილოგრამამდე „მეთადონი“. უწყების ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც პოლიციას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების სახით აქამდე ამოუღია.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სპეციალურად მოწყობილი სათბური.
უწყების თანახმად, ნარკოლაბორატორიებში ბრალდებულები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, ერთ-ერთ შემთხვევაში აღმოჩენილია სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო მოყვანა და კულტივირება ხდებოდა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, პოლიციამ ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო ინვენტარი და, უწყების შეფასებით, სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
გარდა ამისა, ამავე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ამოღებულია ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ კანონის სრული სიმკაცრით მოქმედება კვლავაც გაგრძელდება.




























