პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე შეაჩერებდა, პოლიტტექნოლოგი და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებას უკავშირებს. მან ამის შესახებ BMGDRIVE-ში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ევროპარლამენტში იმ რეზოლუციის მიღებას მოჰყვა, რომლითაც 444-მა ევროდეპუტატმა არ აღიარა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და "ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.
"არჩევნების შედეგების შემდეგ პროტესტის პირველი ტალღა იმდენად ჩააგდო ოპოზიციამ, რომ ხელისუფლება ჩათვალა, რომ ეს ეტაპი ადვილად გადაიარა.
ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გათამამდა და 28 ნოემბრის განცხადება არ იყო პოლიტტექნოლოგიის ნაწილი. ჩემი აზრით, ეს იყო პასუხი რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სახელის გაჟღერებაზე, რაც მას რეპუტაციულად აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია ფუნქციურად ძლიერი დოკუმენტი არ არის, ის არ იყო მისი კაპიტალისთვის, ფინანსური მდგომარეობისთვის და ა.შ. კარგი. ამიტომ, ეს იყო პასუხი მისი გვარის მოხსენებაზე მსგავს რეზოლუციაში და "ქართულმა ოცნებამ" ამის უფლება მისცა თავს, რადგან ეგონათ, რომ ეს საპროტესტო ეტაპი გადავლილი იყო.
მაგრამ ვერ გათვალეს, ისევე როგორც პირველი რუსული კანონის დროს, რომ ახალგაზრდები მოიქცეოდნენ ასე შემოქმედებითად, კრეატიულად, არა ძალადობრივად. მათ პროტესტის სულ სხვა კულტურა შემოიტანეს, რაც საინტერესო ფენომენია პოლიტტექნოლოგიებში", - განმარტავს ლევან კობერიძე.
მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში სტრატეგიული თვალსაზრისით, მმართველი პარტია გაცილებით უფრო პროფესიონალურად მოქმედებდა, ვიდრე - ოპოზიცია.
"მაშინაც ვამბობდი, რომ პოლიტტექნოლოგიურად ხელისუფლება გაცილებით უფრო პროფესიონალურად მოქმედებს, რაც არჩევნების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება განაპირობოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ეს ძალა და გააზრება იმის, რომ პოლიტტექნოლოგიურად სხვა რამ იყო საჭირო. პროფესიონალებთან ერთად უნდა კეთდებოდეს ეს ყველაფერი. აბსოლუტურად კრახი განიცადეს რეალურად და “ქართულმა ოცნებამ” მათ ამ ნაწილში აჯობა", - ამბობს კობერიძე.