"ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" (IWAG) ყოველწლიური, 26-ე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა 2026 წლის 29 ნოემბერს, "ექსპო ჯორჯიაში" (4,5,6-ე პავილიონები), დილის 10:00 საათიდან საღამოს 6:00 საათამდე გაიმართება.
IWAG-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ღონისძიება აერთიანებს საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელოვანებს, რათა შექმნან სადღესასწაულო განწყობა და ამავდროულად მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საჭიროებს თანადგომას.
გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ უნიკალური ადგილობრივი და უცხოური ნივთები, ხელნაკეთი სუვენირები და სადღესასწაულო თემატიკის პროდუქტები.
მონაწილე საელჩოების მიერ წარმოდგენილი იქნება თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძები. გარდა ამისა, გაიმართება "ტომბოლა" (ლატარია), გათამაშდება პრიზები. ბავშვებისთვის გამოყოფილი იქნება გასართობი ზონა. სტუმრების წინაშე საშობაო სიმღერებით წარდგება IWAG-ის ქალთა გუნდი.
საახალწლო გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო და სოციალური პროექტების დაფინანსებას საქართველოს მასშტაბით.
"ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას საქართველოში.





















