მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული, მთავარი ექსპორტიორი წელსაც რუსეთია

5d2384b906412
თათია ჩაფიჩაძე
09.07.19 10:10
1082
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიუხედავად შემცირებული მოსავლიანობისა, წელს ატმის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები, გასულ წელზე მაღალი იქნება.

„ამ წუთისთვის 3 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამ პერიოდისთვის არსებულ ნიშნულს უახლოვდება. მიმდინარე წელი ძალიან მაღალი საფასო კატეგორიით დაიწყო, თავდაპირველად ატმის ფასი 4 ლარზეც კი იყო, ახლა კი ხარისხის მიხედვით 1- 1.3 ლარი ღირს.

მიმდინარე სეზონი აბსოლუტური წარმატებით მიმდინარეობს და ამაზე იმუშავა სახელმწიფო პროგრამებმა. 9 მაცივარი და მიმღები საწარმო მუშაობს. ველოდებით რომ წელსაც ზრდის დინამიკა შენარჩუნდება და მიუხედავად იმისა, რომ მოსავლიანობა ისეთი მაღალი არ არის რაც 2018-ში იყო, მიღებული შემოსავლები უკეთესი იქნება, ამის განმაპირობებელი კი ხარისხია, რომელიც ეტაპობრივად უმჯობესდება”, - განაცხადა ხანიშვილმა.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ატმის მოსავლის 67% ექსპორტზე რუსეთში გავიდა.

მთავარ ექსპორტიორ ბაზარს შორის პირველ ადგილს წელსაც რუსეთი იკავებს.

ხანიშვილის შეფასებით, დივერსიფიცირების მთავარი გზა ახალი საწარმოების აშენებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე გადის, რისთვის მისი მტკიცებით, სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად მუშაობს.

„ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მაცივრებში, საწარმოებში სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ შევქმნათ მეტი ისეთი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს იმისთის, რომ ახალ ბაზრებზე შევაღწიოთ და ცნობადობა გაიზარდოს. ზრდა გვაქვს ყოველწლიურად, თუმცა გამიჭირდება ვთქვა, რომ წელს ეს ზრდა იქნება 10-15%, მაგრამ თუ არ ავაშენებთ ამ საწარმოებს უფრო დამოკიდებული ვიქნებით ისეთ ბაზრებზე რომელიც ახლოს არის. ჩვენ გვჭირდება მაღალი გადახდისუნარიანი მოსახლეობა და ასეთი დღეს ვეროპაა”, - განაცხადა ხანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები