მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 ახალი დეპარტამენტი|როგორ მიმდინარეობს გაუქმებული უწყებების აუდიტის სამსახურთან შეერთება

ანტიკორუფციული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 3 დეპარტამენტი შეიქმნა: ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტი, კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტი. როგორც bm.ge-ს აუდიტის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, უწყებაში ახალი დეპარტამენტები გაჩნდა იმისთვის, რომ ლიკვიდირებული უწყებების - ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები შეუფერხებლად განხორციელდეს.

საქმე ისაა, რომ ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდა, მათი ფუნქციები კი, სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.

"ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოების საკანონმდებლო მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებად განისაზღვრა ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტი, კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტი, რომელთაც უხელმძღვანელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი", - გვიპასუხეს აუდიტის სამსახურში.

რაც შეეხება შეკითხვას, ვინ უხელმძღვანელებს ახალ დეპარტამენტებს, აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით, აღნიშნული პოზიციები ვაკანტურია. "მოცემული მდგომარეობით, ხსენებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების - დეპარტამენტების უფროსების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები ვაკანტურია", - მოგვწერეს აუდიტის სამსახურიდან.

Bm.ge-ის ერთ-ერთი კითხვა გაუქმებული უწყებების თანამშრომლებსაც შეეხებოდა. როგორც აუდიტის სამსახურის პასუხშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანოების ყოფილი თანამშრომლებიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა მხოლოდ 76 პირი, მაშინ როცა ორივე სამსახურში გაუქმებამდე 205 თანამშრომელი იყო.

"განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, თქვენს განცხადებაში დაფიქსირებული პირველი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლებიდან ღია კონკურსის წესით დასაქმდა 17 პირი, შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 16 პირს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება - 4 პირს. რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილ თანამშრომლებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ღია კონკურსის წესით დასაქმდა 15 პირი, შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 23 პირს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულება 1 პირს. ჯამში ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოების ყოფილი თანამშრომლებიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა 76 პირი", - წერია აუდიტის სამსახურის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმდა, მათი ფუნქციები კი სრულად გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ამ სტრუქტურული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, უწყების დაფინანსება, რომელიც 2025 წელს 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, 40.7 მილიონ ლარამდე იზრდება (მატება 15.4 მლნ ლარია). შესაბამისად, იზრდება საშტატო ნუსხაც 341-დან 441 დასაქმებულამდე, ხოლო სახელფასო ფონდი 20.4 მილიონიდან 33 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროსა (121 თანამშრომელი) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში (84 თანამშრომელი) ჯამში 205 ადამიანი იყო დასაქმებული. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის სამსახური ორივე უწყების კადრებს სრულად გადაიბარებდა, მისი შტატი 205 ერთეულით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ბიუჯეტით ზრდა მხოლოდ 100 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო რეალურად, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, 76 თანამშრომელი გადაიყვანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები