პარასკევს, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო ბაზებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, 14 ივნისის ღამის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთზე ინტენსიური იერიში მიიტანეს.
უცხოური მედიის ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებები ისმოდა იერუსალიმსა და თელ-ავივში.
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ირანში მდებარე სამიზნეებზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ. ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შაბათის ღამით თეირანში თავდაცვითი ბაზების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს.
„ომის დაწყების შემდეგ პირველად, საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თეირანის ცაზე იფრინა, ისრაელიდან 1500 კილომეტრის დაშორებით და თეირანის ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემებს დაარტყა“, - განაცხადა ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, ტომერ ბარმა.
13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია სამი ირანელი სამხედრო მეთაური.
ირანის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 320 დაიჭრა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.




























