მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"3-ლარიანი, უაქციზო ჭაჭის გაყიდვამ მასობრივი ხასიათი მიიღო"

5ab39e6a608eb
სალომე მეცხვარიშვილი
22.03.18 17:08
2209
საქართველოში არადეკლარირებული თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შემოტანის ზრდას ბიზნესი აქციზის გაძვირებას უკავშირებს. დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი და ალკოჰოლის იმპორტიორი ერთ-ერთ მსხვილი კომპანია bm.ge-სთან აცხადებს, რომ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდის გამო საქართველოში მუშაობა წლების განმავლობაში ექვსმა ქარხანამ შეაჩერა. გიორგი იოსავას თქმით, აქციზის ზრდამ ხელი შეუწყო ბაზარზე უაქციზო საქონლის რეალიზაციასაც, რამაც, მისი გათვლებით მხოლოდ 2017 წელს ბიუჯეტს 18-დან 30-მილიონ ლარამდე დააკარგინა.

"აქციზის ღირებულება როგორც კი გაიზარდა, შემცირდა ლეგალური ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და იმატებდა უაქციზო საქონელი. ბოლო 2-3- წელია მასიური ხასიათი მიიღო ჩამოსასხმელი ე.წ. ჭაჭის გაყიდვამ, რომელიც 3 ლარი ღირს, ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლებშია ჩამოსხმული, არც ეტიკეტი აქვს, არც აქციზური მარკა. ყველა წესი არის დარღვეული",- აცხადებს გიორგი იოსავა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა უწყებას მიმართეს, მათ შორის ბიზნესომბუდსმენსაც.

"მე პირადად ბევრჯერ მივმართე სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გვეუბნებიან, რომ ეს გარევაჭრობას ეხება და ვერ შეამოწმებენ",- აცხადებს გიორგი იოსავა.

თამბაქოს საერთაშორისო მწარმოებლი British American Tobacco კი "საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ ე.წ. კონტრაბანდული საქონლის შემოტანის მცდელობები ნამდვილად გაზრდილია, თუმცა, შემოსავლების სამსახური საკმაოდ კარგად მუშაობს ამ მიმართულებით.

"სომხეთთან და რუსეთთან შედარებით რეგიონული მასშტაბით თუ ავიღებთ(თურქეთის გარდა), საქართველოში თამბაქოზე აქციზის ოდენობა ყველაზე დიდია. სომხეთს თუ შევადარებთ, განსხვავება თითქმის ორმაგია, აქედან გამომდინარე დიდი შემოდინებებია სომხეთიდან და რუსეთის მხრიდანაც არის",- აცხადებს British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები