პარლამენტში სამუშაო კვირა "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით დაიწყო.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიურომ შემდეგი დღის წესრიგი დაამტკიცა, რომელიც ასეთია:
- პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება.
- მიმდინარე სასესიო კვირას „მინისტრის საათზე“ დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა.
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
- პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.
- ასევე, პარლამენტი განიხილავს დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
ბიუროს წევრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიმართვის თაობაზე თანამდებობის დატოვების შესახებ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ, განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.
ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.