მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$3 მლნ 9 თვეში ლურჯი მოცვის ექსპორტიდან - მწარმოებლების გეგმები

5fb911e23cf1c
ლიკა გურაბანიძე
22.11.20 10:30
3022

2020 წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 665 ტონა მოცვი, შტოში და კენკრა გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 3 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 295.8%-ია.

BM.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოების პროცესი, რომლის გაშენება ბოლო წლებში ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ასევე, ამჟამად რომელია ხილის ძირითადი სარეალიზაციო ბაზრები. აღმოჩნდა, რომ საექსპორტო ქვეყნებს შორის დომინანტი რუსეთი და ე.წ. გალფის ქვეყნებია, რადგან ლურჯ მოცვზე მოთხოვნა ამ ქვეყნებიდან დიდია.

თუმცა, ჩვენთან საუბრისას რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2021 წლიდან მათი გეგმები ევროპის ბაზრებზე გასვლას უკავშირდება.

შპს “ბლუბერი ფარმი” ოზურგეთში ლურჯი მოცვის 50 ჰექტრამდე ბაღს ფლობს; კომპანიის პარტნიორი აცხადებს, რომ გათვლებს ადგილობრივ ბაზარზე მეტად სწორედ საექსპორტო ბაზრებზე აკეთებენ. ეკატერინე ვეფხვაძე სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

“ნებისმიერი გათვლებით, ყველა ბაღი, რომელიც მსხმოიარობაში შევა, დაახლოებით, 10%-დან 20%-მდე ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, ხოლო დანარჩენი 80%-90% - ევროპის ბაზარზე, რადგან მაღალი ფასიდან გამომდინარე, საქართველოში მოცვის მოხმარება დაბალია. მოცვის ბიზნესში ორი მთავარი გამოწვევაა -  პირველადი წარმოება და კრეფის შემდეგი მენეჯმენტი; რადგან მოცვი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, სწრაფად სჭირდება გაგრილება, დახარისხება და შეფუთვა, ხოლო მეორე გამოწვევაა ლოგისტიკა", - აღნიშნა “ბლუბერი ფარმის” პარტნიორმა ეკატერინე ვეფხვაძემ.

ექსპორტზეა ორიენტირებული “ეფკოც” - ლურჯი მოცვის მწარმოებელ კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც მიმდინარე წელს ექსპორტზე, დაახლოებით, 100 ტონა ლურჯი მოცვი გაიტანა. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მხოლოდ მცირე რაოდენობით გაყიდვას გეგმავს.

"ვერ ვიტყვი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გაყიდვის ინტერესი გვაქვს; რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მოსავლიდან გარკვეული ნაწილი გაიყიდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ მცირეა ჩვენი კომპანიისთვის, ის, როგორც პრიორიტეტული ბაზარი, საინტერესო არ არის", - აღნიშნა “ეფკოს” წარმომადგენელმა რატი მორჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები