მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგება გაზაფხულიდან დაიწყება

57ecac385124b
სალომე მეცხვარიშვილი
29.09.16 09:50
2677
30 ათასი ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგება მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტრაქტს“ მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ მენეჯერმა ბესო აბულაძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდება, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი იქნება.

„ვგეგმავთ ბანკებთან ერთად სპეციალური პროგრამის შემუშავებას, სადაც კომპიუტერის ღირებულების პირველადი შენატანი 10%-20% დაიფარება ვაუჩერით. კომპიუტერული ტექნიკის დარჩენილი ღირებულების გადახდას მოსახლეობა განვადების მეშვეობით გააგრძელებს“,- აცხადებს ბესო აბულაძე.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის პროექტი კონკრეტულ კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა. ბესო აბულაძის ინფომაციით, კვლევამ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის 3 ბარიერი გამოავლინა.

"რეგიონისა და სოფლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობას უჭირს კომპიუტერის შეძენისთვის პირველადი შენატანის გაკეთება. ასევე, მოსახლეობამ დააფიქსირა პრობლემა ინტერნეტის საინსტალაციო ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით. მესამე ბარიერი იყო ის, რომ მოსახლეობას არ აქვს საჭირო უნარ-ჩვევები, რომ იმუშაონ კომპიუტერთან",- აცხადებს ბესო აბულაძე და აღნიშნავს, რომ სამივე კომპონენტში პრობლემების მოგვარებისთვის მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროს გამოყოფს.

რეგიონის მოსახლეობაში ინტერნეტის უნარ-ჩვევების ასამაღლებლად კი პროექტის ფარგლებში იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა. ცენტრები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, მათ შორის აქ განთავსებული იქნება კომპიუტერები, რომლით სარგებლობაც მოსახლეობას შეეძლება. პროექტის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას კომპიუტერების ასათვისებლად სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები