მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ივნისს სოცმედიის ფესტივალი CONTENT გაიმართება

კაცები

პირველად საქართველოში, ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო კონტენტს ქმნიან, ერთად შეიკრიბებიან. 30 ივნისს Factory Tbilisi-ში ფესტივალი CONTENT გაიმართება, სადაც მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მოუსმენენ სპიკერებსა და დისკუსიებს, დაესწრებიან ვორქშოპებსა და ინტერვიუებს. ფესტივალის გარე სივრცეში კი გასართობი აქტივობები და სხვადასხვა მასტერკლასის გამართვა იგეგმება.

როგორც პროექტის ორგანიზატორი და პროექტის ავტორი, იუთუბერი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და ის ფიცრული ბაზრით დაინტერესებულ პირებს განვითარების საშუალებას მისცემს.

„ფესტივალის იდეაა, რომ გავაერთიანოთ ეს ხალხი და იყოს ერთი დღე წელიწადში როდესაც ყველანი ერთად შევიკრიბებით, გავიზიარებთ ინფორმაციას, დავგეგმავთ სიახლეებს, დამწყებებისთვის ეს შეიძლება იყოს კარგი საშუალება სპონსორებთან შესახვედრად.

ამერიკასა და ევროპაში მსგავსი ფესტივალები უკვე დიდი ხანია იმართება, საქართველოში წელს პირველად კეთდება. „კონტენტი“ დავარქვით იმიტომ, რომ ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე კონტენტს აკეთებს. რადგან საქართველოში ეს ბაზარი ჯერ პატარაა, გადავწყვიტეთ, ყველა გაგვეერთიანებინა, როგორც იუთუბი, ისე ტიკ-ტოკი, ფეისბუქი და ინსტაგრამი.

ორი ტიპის ბილეთია, ერთი უნივერსალური, რომელიც ყველაფერზე დასწრების საშუალებას იძლევა და მეორე გარე სივრცის, სადაც ასევე ბევრი აქტივობებია დაგეგმილი. ერთ-ერთ სივრცეს საინტერესო დამწყებ კრეატორებს ვუთმობთ და ისინი წარმოადგენენ საკუთარ თავებს. ზოგი გამოცდილი კონტენტ კრეატორია და გაგვიზიარებს როგორ გააკეთა ან რას გეგმავს რომ გააკეთოს. ასევე იქნება იურიდიულ დეტალებზე საუბარი, იმიტომ რომ ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ტელეფონის ჩართვაა საკმარისი. სინამდვილეში ყველაფერი მანდედან იწყება, თუ სპონსორი გამოჩნდა ჩნდება საკითხები როგორ დარეგისტრირდე, ლიცენზია გვინდა თუ არა და ა.შ. რა ცოდნა და გამოცდილებაც დაგროვდა, გვინდა რომ სხვებსაც გავუზიაროთ", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში ირაკლი კაკაბაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალი პირველად ტარდება, საერთაშორისო სტუმრები არ ჰყავს, თუმცა არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.

„კაცებს“ ექნებათ ერთი თემა, „როგორ მოვიპარეთ 5 იანვარი,“ ასევე ჩვენს ახალ პროდუქტსაც წარვადგენთ, რომელიც ჯერ არავინ იცის. ვფიქრობთ, რომ ახალი ციფრული „წევრი“ დავიმატოთ და დეტალებს გავაჟღერებთ 30-ში", - თქვა კაკაბაძემ.

ფესტივალი კონტენტის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. გარე სივრცის ბილეთის ღირებულება 35 ლარი, ხოლო უნივერსალურის - 90 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები