მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300 კგ პროდუქციას ვადა გაუვიდა და გადავყარეთ – "კოპეშონი" Covid-19-ის გავლენაზე

61dee06669671
ლიკა გურაბანიძე
16.01.22 20:30
1600
"ტურიზმის შემცირების გამო ორ წელში გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა" - ამის შესახებ “საქმიან დილას” ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელ კომპანია “კოპეშონში” განუცხადეს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა აღნიშნავს, მათი პროდუქცია ადგილობრივთან ერთად დიდწილად ტურიზმზე გათვლილიც იყო, ხოლო კონკრეტული ობიექტების დახურვამ გაყიდვების შემცირება გამოიწვია.

“2020 წელს სრული ლოქდაუნის ფონზე ყველაფერი დაიხურა, მათ შორის ის სავაჭრო ობიექტებიც, რომლებიც ტურისტულ ზონაში ფუნქციონირებდა და სადაც ჩვენი პროდუქცია იყო შეტანილი. ეს ობიექტები ერთი წლის განმავლობაში ვეღარ ამუშავდა და სავაჭრო ობიექტების დახურვამ გამოიწვია ის, რომ 300 კილოგრამამდე პროდუქციას ვადა გაუვიდა და გადავყარეთ. 2021 წელს, დახურული ობიექტების ნაწილი გაიხსნა, თუმცა ამით 2019 წლის მაჩვენებლებს მაინც ვერ დავუბრუნდით.

ეკატერინე ფარულავას თქმითვე, სწორედ პანდემიის გამო კომპანიაში 2019 წელთან შედარებით მთლიანი გაყიდვები 60%-ით შეუმცირდათ. ფარულავა შესაფუთი მასალების ფასების ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ გამოსავალი აქაც ნახა და ქილის შეფუთვებიდან კრაფტ შეფუთვებზე გადაეწყო, რამაც ხარჯების დაზოგვის საშუალება მისცა.

“იმპორტირებულ შესაფუთ მასალებზე გაზრდილი ფასების გამო, ფასის კორექტირება ჩვენც მოგვიხდა. მაგალითად, თუ 50–გრამიანი შეფუთვა 2019 წელს 4 ლარი ღირდა, 2020 წელს 5 ლარი გახდა, ხოლო 2021 წელს 6 ლარი” - განმარტა ფარულავამ.

 კითხვაზე, რამდენად უწყობს სახელმწიფო კომპანიას ექსპორტზე გასვლაში ხელს “კოპეშონის” დამფუძნებელი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესში ნაკლებად ხდება.

“სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები აქვს და მცირე ბიზნესს სხვა. ბიზნესმა თავისი პროდუქციის წარმოების გარდა რეალიზაციის გზები უნდა მოძებნოს. როდესაც, თემა საექსპორტო ბაზრებამდე მიდის სახელმწიფო ამბობს, რომ თქვენ ჯერ საქართველოს ბაზარი არ გაქვთ ათვისებული და იმაზე ფიქრი, რომ საზღვარგარეთ გახვიდეთ, ჯერ ზედმეტია.

საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მისი ათვისება მოხდეს. თუნდაც, პროდუქციის ფასის გამო, რადგან მოსახლეობას დღეს ელემენტარული საჭიროებების საშუალება არ აქვთ” - აღნიშნა ეკატერინე ფარულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები