“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული 35.9-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე წარდგენილი წინადადებების გახსნა დაიწყო, ამჟამად სისტემაში "ჯი-თი მოტორსის" 35.7 მილიონიანი შეთავაზება ჩანს, თუმცა შესაძლოა მის გარდა ტენდერში კიდევ სხვა პრეტედენტებიც იყვნენ.
თავად "ჯი-თი მოტორსი" დედაქალაქის სატრანსპორტო ოპერატორს 35.7 მილიონ ლარად Ford Transit-ის მარკის 300 მიკროავტობუსს სთავაზობს. შესყიდვაში ერთი მიკროავტობუსის ღირებულებად 119,098 ლარი არის მითითებული.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შესყიდვის შემდეგ ეს მიკროავტობუსები "თბილისის მიკროავტობუსს" გადაეცემა.
დედაქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის სერვისს არა "თბილისის მიკროავტობუსი" არამედ “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში გაერთიანებული ოთხი კერძო კომპანია - „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ეს მიკროავტობუსები კერძო ოპერატორისთვის არის განკუთვნილი. თბილისის მერიის განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” მათ ამ მიკროავტობუსების საფასურს ეტაპობრივად აუნაზღაურებს.
ეს მიკროავტობუსების შესყიდვის მეორე ეტაპი იქნება, რადგან 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა. გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა.
სატენდერო პირობებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ 300 მიკროავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოთქვას წერილობითი თანხმობა და მზადყოფნა, რომ ის მზად არის, ანალოგიურ ფასად (ერთი მიკროავტობუსის სატენდერო ღირებულება 119,098 ლარი) 400 ავტობუსი მიაწოდოს კერძო ოპერატორ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს". ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ დამატებითი მიკროავტობუსების შეძენის საფასურს კერძო კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" გადაუხდის.
"პრეტენდენტი ვალდებულია, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა, რომ ტენდერში გამარჯებული კომპანია დამატებით 400 ერთეულ M2 კატეგორიის ავტობუსზე, იმავე ტექნიკური პირობებით, ერთეულის ფასით და ანგარიშსწორების პირობებით, გააფორმებს ხელშეკრულებას და შესყიდვის ობიექტს მიაწვდის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვის მქონე შესაბამის კომპანიებს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი BMG-ისთან საუბარში განმარტავს, რომ "თბილისის მიკროავტობუსი" გასულ წელს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის საფასურს აღნიშნული ტენდერის დასრულებამდე დაფარავს. წილოსანი ამბობს, რომ ახალი ტენდერით გათვალისწინებული 300 მიკროავტობუსის შესყიდვის საფასურის დაფარვის ვადების შესახებ მოლაპარაკებები კომპანიასთან ამჟამად მიმდინარობს. ამასთანავე, ვიქტორ წილოსანი განმარტავს, თუ რატომ ჩაიდო სატენდერო პირობებში დამატებით 400 მიკროავტობუსის შესახებ პირობაც. წილოსანის თქმით, ეს არის ერთგვარი ფასის დაზღვევა, რათა "თბილისის მიკროავტობუსისთვის" ამ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა შემდგომში უფრო ძვირი არ აღმოჩნდეს.