მე-17 საუკუნეში გაქრობის შემდეგ, ფრინველი დოდო ხშირად მიიჩნევა გადაშენების სინონიმად. მიუხედავად ამისა, მავრიკში, დოდოს სამშობლოში, სულ მალე, შესაძლოა, ათასობით დოდო დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია გადაშენების პროცესთან მებრძოლი კომპანია Colossal Biosciences-ის მიზანი, რომლის განცხადებითაც, ფრინველის გაცოცხლების გზაზე მნიშვნელოვან გარღვევას მიაკვლიეს.
კომპანიის ცნობით, მათ წარმატებით განახორციელეს მტრედის პირველყოფილი, ჩანასახოვანი, სპერმისა და კვერცხუჯრედის წინამორბედი უჯრედების გენერირება. მათი თქმით, ეს "გადამწყვეტი ნაბიჯი" იქნება 300 წლის შემდეგ პირველად დოდოს დაბრუნებაში, რომელიც მტრედისებრთა ოჯახს წარმოადგენდა.
Colossal Biosciences ტეხასში ბაზირებული კომპანიაა, რომელმაც მედიის ყურადღება სხვა ამბიციური გეგმების გამო დაიმსახურა. კომპანიის გეგმებს შორის დიდი ხნის წინ გადაშენებული ბეწვიანი მამონტებისა და ე.წ. საზარელი მგლების პოპულაციის აღდგენა იყო. ამჟამად, კომპანია ამტკიცებს, რომ უკვე ჩამოაყალიბეს გენებ-გადაკეთებული ქათამი, რომელიც დოდოსთვის სუროგატის როლს შეასრულებს. კერძოდ, აღნიშნულ ქათმებს ნიკობარული მტრედების, დოდოს უახლოესი ცოცხალი ნათესავების, ჩანასახოვან უჯრედებს შეუყვანენ, რაც დროთა განმავლობაში გენური რედაქტირების შემდეგ, სხეულისა და თავის სასურველი ფორმის შექმნისა და დოდოს გამრავლების საშუალებას მისცემთ.
"უხეში დათვლით, ამას კიდევ 5-7 წელი დასჭირდება, თუმცა არა - 20. ჩვენი მიზანია, საკმარისი რაოდენობის დოდო ინჟინრული გენეტიკური მრავალფეროვნებით შევქმნათ, რათა მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება შევძლოთ, სადაც მათ ნამდვილად შეეძლებათ ცხოვრება. ამიტომ, ჩვენ არ გვინდა ორის, არამედ გვინდა ათასობით დოდოს შექმნა", - განაცხადა Colossal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ლამმა.
Collosal დარწმუნებულია, რომ მათი მეთოდები, რომლებიც Crispr გენის რედაქტირების ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, დოდოების სახლში დაბრუნებას შეძლებს.
ზოგიერთმა ექსპერტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ეს გენმოდიფიცირებული სახეობები და რა როლი ექნებათ მათ ადამიანის ჩარევისა და კლიმატური კრიზისის შედეგად დეგრადირებულ ეკოსისტემებში. ლეონარდო კამპანიამ, კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიის ევოლუციურმა ბიოლოგმა, განაცხადა, რომ Colossal-მა "გარკვეულ მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწია, თუმცა დოდოსთან დაკავშირებული მუშაობა მრავალი გამოწვევის წინაშე მაინც დგას.
ამჟამად გადაშენების რისკის წინაშე ცხოველებისა და მცენარეების 2 მილიონამდე სახეობა დგას, რომლებსაც საფრთხე ტემპერატურის მატების, ჰაერის დაბინძურების, ინვაზიური სახეობებისა და ნადირობის გამო ემუქრებათ. მეცნიერების შეფასებით, გადაშენების ამჟამინდელი ტემპი ათჯერ აღემატება ისტორიულ ნორმას.
Colossal-მა დაფინანსების მოძიების რაუნდი $120 მილიონამდე გაახანგრძლივა. თავად კომპანია $10.2 მილიარდადაა შეფასებული და ისეთი ცნობილი ინვესტორები ჰყავს, როგორებიც ტომ ბრედი, პარიზ ჰილტონი და ტაიგერ ვუდსი არიან.




























