საქართველოს განათლების სამინისტრომ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრა. შესაბამისი ბრძანება მინისტრის ხელმოწერით 20 თებერვალს გამოიცა.
ბრძანების თანახმად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 180 და არაუმეტეს 200 კრედიტით. აქამდე ბაკალავრიატის კრედიტების რაოდენობა 240 იყო.
თუმცა არის გამონაკლისები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა არაუმეტეს 240 კრედიტით განისაზღვრება მაგალითად, თუ:
- პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა,
- ასევე, თუ ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია.
- გამონაკლისია ასევე, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
- მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
- და რამდენიმე სფერო, მათ შორის ფარმაცია, ელექტროობა, მექანიკა და ლითონის საქმე, სურსათის გადამუშავება, სამთო საქმე, არქიტექტურა, მშენებლობა, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ სფერო, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თერაპია და რეაბილიტაცია, ჯანდაცვა,ბიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, აქ კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 60 კრედიტით. ხოლო არანაკლებ 120 კრედიტით, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
- ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა;
- საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
- მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაა
- და რამდენიმე სფეროს, მათ შორისფარმაციას, მექანიკას და ლითონის საქმეს, სურსათის გადამუშავებას, სამთო საქმეს, არქიტექტურას, მშნეებლონბას, სახვით ხელოვნებას, მუსიკას, თერაპიასა და რეაბილიტაციას, ჯანდაცვას და ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ სფეროს
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვროს არანაკლებ 3 წლით და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.
ცნობისთვის, პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რაც საბაკალავრო პროგრამების 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურის 1 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე კრედიტების შემცირების შესახებ ბრძანებაც სწორედ ამას უკავშირდება.


























