თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2026 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილისელებისთვის ჯანდაცვის 32 პროგრამა ფინანსდება, ჯამური ბიუჯეტი კი 117 მლნ ლარია.
როგორც გელა ჩივიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ონკოლოგია და სკრინინგ პროგრამებია, რომელსაც 1-ელი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება. პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია.
„ახალი პროგრამა, რომელიც დაანონსდა ეს არის ფილტვის კიბოს სკრინინგი. ეს ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ადამიანთა ონკოლოგიური დაავადებების ლეტალობის მიზეზებს შორის. სწორედ ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენის მიზნით იწყება ეს პროგრამა პირველი მაისიდან. პროგრამის ბიუჯეტი ამ ეტაპისთვის უკვე ჩადებულია და შეადგენს 3 მილიონ ლარს. საშუალოდ ჩვენ წელიწადში ველოდებით, რომ სკრინინგი 11,000 ადამიანს ჩაუტარდება.
ჩვენი სამსახური ზოგადად ფარავს 32 პროგრამას. ონკოლოგია ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ეს არის ზოგადად სკრინინგის პროგრამები - ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მსხვილი ნაწლავის, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და საერთო ჯამში ამ მიმართულებით ჩვენ წელიწადში დაახლოებით 100,000-ზე მეტ შემთხვევას განვიხილავთ და ვაფინანსებთ.
მეორე მნიშვნელოვანი პროგრამაა ძუძუს კიბოს მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, მნიშვნელოვანია ასევე ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზეა საუბარი, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების დაფინანსებას გულისხმობს. ეს პროგრამაც უკვე 10 წელზე მეტია ფინანსდება და მოიცავს როგორც წინასატრანსპლანტაციო კვლევებს, ასევე უშუალოდ ტრანსპლანტაციის დაფინანსებას და შემდგომ რეაბილიტაციას. ასევეა გაფანტული სკლეროზის პროგრამა", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.
2026 წელს 12 მლნ ლარი დაიხარჯება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციაზე. როგორც სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია.
„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე დიდი მოთხოვნაა და ბოლო 10 წელში 13-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. თბილისის მერია დღეისათვის უკვე 2 400 ბავშვს აფინანსებს ამ მიმართულებით. წლიური ვაუჩერი 5 400 ლარია და თუკი 10 წლის წინ სულ ორი დაწესებულება იყო ჩართული, დღეს უკვე მათი რიცხვი 14-მდეა გაზრდილი. წლის განმავლობაში 200 ბავშვის დამატება ხდება და წლიდან წლამდე ხდება ბიუჯეტის ზრდა. დავიწყეთ ნახევარი მილიონი ლარით და ახლანდელი ბიუჯეტი 12 მლნ-ია.
ჯამურად სამსახურის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 2026-ში უკვე 117 მილიონ ლარს შეადგენს. მარტო ჩვენი სამსახურის პროგრამებით წლიურად ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.




























