მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

35 "მდუმარე" დეპუტატიდან, რომელსაც 2018 წელს ხმა არ ამოუღია, 29 "ქართული ოცნების" წევრია

5c28ac6f208ba
BM.GE
30.12.18 20:00
4392

„36 „მდუმარე“ დეპუტატი, რომელსაც 2018 წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღია“, - ამ სათაურით აქვეყებს მასალას on.ge, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

2018 წელს საქართველოს პარლამენტში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. დატვირთული გრაფიკის, ვრცელი განცხადებებისა და ზოგჯერ ჩხუბის მიუხედავად, 150 დეპუტატს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. 7 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები On.ge-ის საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს (მონაცემებში არ შედის 22, 26 და 27 დეკემბრის სხდომები).

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 36 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამს, არ გამოუყენებია არც პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამს კითხვა, ანუ როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს.

ჩამონათვალში ლიდერობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. 35 "უთქმელი დეპუტატიდან" 29 „ქართული ოცნების“ წევრია, 2 – „ნაციონალური მოძრაობის“, 2 -"ევროპული საქართველოსი",  ერთი - „პატრიოტთა ალიანსის“ და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატია.


ქართული ოცნება

ქართული ოცნების ამ 30 დეპუტატს შორის არის ისეთიც, რომელსაც 7 თებერვლიდან 22 დეკემბრის ჩათვლით პლენარული სხდომა არ გაუცდენია. მაგალითად, იოსებ მაკრახიძე. ასევე არის ისეთიც, რომელიც 47 სხდომიდან 41-ს არ ესწრებოდა. მაგალითად, ირაკლი ხახუბია.

ქართული ოცნების იმ 30 დეპუტატის სია, რომელსაც 2018 წლის დასაწყისიდან 22 დეკემბრამდე პარლამენტში განცხადება არ გაუკეთებია:

გია ბენაშვილი;
ლევან ბეჟანიძე;
რუსლან გაჯიევი;
ელგუჯა გოცირიძე;
მახირ დარზიევი;
მუხრან ვახტანგაძე;
ცოტნე ზურაბიანი;
გიორგი თოთლაძე;
ედიშერ თოლორაია;
შალვა კიკნაველიძე
გიორგი კოპაძე;
თეიმურაზ კოხრეიძე;
იოსებ მაკრახიძე;
სამველ მანუკიანი;
სავალან მირზოევი;
გრიგოლ მიქელაძე;
ენზელ მკონიანი;
რომან მუჩიაშვილი;
პაატა მხეიძე;
თამაზ ნავერიანი;
კობა ნაკაიძე;
დიმიტრი სამხარაძე;
გოდერძი ჩანქსელიანი;
არჩილ ხაბაძე;
ლერი ხაბელოვი;
ფატი ხალვაში;
ირაკლი ხახუბია;
ვიქტორ ჯაფარიძე;
თენგიზ ხუბულური. 

„ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში სულ 6 დეპუტატი ჰყავს. აქედან ორს სიტყვით გამოსვლისა და განცხადების უფლებით არ უსარგებლია და არც დასწრების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ დეპუტატებმა 2018 წლის პლენარული სხდომების მაქსიმუმ 90% გააცდინეს.

ეს დეპუტატები არიან:

კობა ნაყოფია, 47 გაცდენით;
აზერ სულეიმანოვი, 46 გაცდენით;

"ევროპული საქართველო"

"ევროპულ საქართველოში" სულ ორი დეპუტატია, რომელთაც განცხადება არასდროს გაუკეთებიათ, ორივე მათგანს პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვს;

ზაზა კედელაშვილი, 40 გაცდენით;
გიორგი ღვინიაშვილი, 46 გაცდენით.

დამოუკიდებელი დეპუტატი

რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა, ამ ცვლილების შემდეგ არ გააქტიურებულა. 47 პლენარულიდან 45 გააცდინა. იმ ორ პლენარულზე, რომელსაც დაესწრო, სიტყვის უფლება არ გამოიყენა.

"პატრიოტთა ალიანსი"

"მდუმარე პარლამენტართა სიაში", ბოლო 35-ე დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გელა მიქაძეა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტების დეპუტატები გამორჩეულად აქტიურები არიან, მიქაძემ ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო.

დეპუტატებმა ხელფასები 2018 წლის იანვარში 833 ლარით გაიზარდეს. შედეგად, მათმა ანაზღაურებამ 4 600 ლარს გადააჭარბა. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები