მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

392 დღეა ველოდები ღარიბაშვილის პასუხს, რაში გადავუხადეთ Rothschild & Co-ს 10 მლნ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში წლიურ მოხსენებას წარადგენს. კითხვა-პასუხის რეჟიმისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ მთავრობა პატივს არ სცემს პარლამენტს, ვინაიდან სადეპუტატო კითხვებზე მინისტრები ხშირ შემთხვევაში არ პასუხობენ.

გოცირიძემ ის კითხვები ჩამოთვალა, რომლებზეც მინისტრებმა პასუხის ვადაც 100 დღეზე მეტით გადააცილეს.

"ნორმალურ ქვეყნებში საპარლამენტო მუშაობის 70% საპარლამენტო კონტროლია. საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლს ვერ ეწევა, რადგან თვითონ არის გაკონტროლებული. ვიცით, ვინც აკონტროლებს. საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი არის სადეპუტატო კითხვები და მათზე პასუხები. როდესაც მინისტრი კითხვაზე პასუხს არ გცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ ან რაღაცას იპარავს, ან რაღაც ძალიან ცუდად გააკეთა. თორემ, რად უნდა მაინცდამაინც დავამუნათო? მოგვწერონ ორი სიტყვით.

ეკონომიკის მინისტრის მიერ, ჩემს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი გაუცემელია 393 დღეა, რომელიც გაზის კორპორაციას ეხება, რომელშიც უამრავი საბიუჯეტო თანხები იფლანგება. 230 მლნ ასესხეს, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტში შეიტანონ ფული. იქ არსებულ ვითარებაზე ვკითხე. ვკითხე, რატომ გაიქცა ინდოელი ნამოხვანიდან, ან კორეელი რატომ გაიქცა ნენსკრადან? 13 მლნ რატომ მიაყოლეთ ინდოელ ინვესტორს და რა ხდება ამ სისტემაში? 2 სიტყვით უნდა დაეწერა და პასუხში მაინც ჩაეთვლებოდა.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 392 დღე ველოდები, 10 მლნ რომ გადაუხადეთ როტშილდებს რომლებსაც ფინანსური ჰაბი უნდა შეექმნათ და თბილისის ზღვაზე და გონიოში რომ უნდა დუღდეს ვაჭრობა, რაში მიეცით ამხელა ფული. წარმოადგინეთ ხარჯთაღრიცხვა, ერთი ნაგლეჯი წარმოადგინეთ, რა დაგიწერეს როტშილდებმა.

ჯანდაცვის მინისტრს, ეკა ტიკარაძეს მივწერე ვაქცინებთან დაკავშირებით 930 დღეა პასუხი არ გაუქცია. მოქმედ მინისტრს, თურქეთიდან წამლების იმპორტზე ვკითხე და 100 დღეა პასუხი არ გაუცია. ყველა რომ ჩამოვთვალო, ნახევარი საათი არ მეყოფა. პატივს არ გცემენ თქვენ და ფეხებზე გიკიდებენ მინისტრები" - ასე მიმართა "ევრო ოპტიმისტების" წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რომან გოცირიძე ინტერესდება, რაში დაიხარჯა Rothschild & Co-სთვის გადახდილი თანხები. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რომან გოცირიძის იგივე კითხვის საპასუხოდ გასული წლის სექტემბერში თქვა, რომ როტშილდები დაასრულებენ მუშაობას და დადებენ დოკუმენტს.

ინფორმაციისთვის, რეგლამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის ცვლილებებით, კითხვაზე პასუხის გასაცემად დადგენილი 15-დღიანი ვადა 10 დღემდე შემცირდა, შემდგომში 10-დღიანი გაგრძელების პერსპექტივით. შესაბამისად, შესაბამის თანამდებობის პირებს დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ მაქსიმუმ 20 დღე აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები