მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"4 მაისს მეორე წერა წერეს, 50 ადამიანი იბრძვის 7 ადგილზე", - ღვთისიაშვილი ეკონომიკურ დესპანებზე

5cd1756f892c2
დათო ჯალაღონია
07.05.19 16:07
943
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით, ეკონომიკურ დესპანებს შემოდგომამდე შეარჩევენ.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გასულ წელს ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით გაწეული სამუშაოები და სამოქმედო გეგმა გააცნო.

ღვთისიაშვილმა მათ შორის ისაუბრა ეკონომიკური დესპანების საკითხზეც; როგორც ცნობილია, დესპანები ამ დრომდე არაა შერჩეული.

„4 მაისს მეორე წერა წერეს. 50 ადამიანი იბრძვის შვიდ ადგილზე. 20 ადამიანამდეა გადარჩეული. დარჩა კიდევ ერთი წერა მშობლიურ ენაში და მერე დარჩა გასაუბრება კომისიასთან, რომელიც საგარეო და ეკონომიკის სამინისტროების, სახელმწიფო კანცელარიის და ალბათ ბიზნეს სექტორის წამომადგენლებისგან იქნება შედგენილი.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა. თხოვნა გვექნება, რომ როცა ამ პაკეტს წარმოვადგენთ, ხელი შეგვიწყოთ, რომ დროულად მივიღოთ. კანდიდატები შემოდგომამდე გადაირჩევიან, ტრეინინგს გივლიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და შემოდგომისთვის გავაგზავნით ამ ადამიანებს საელჩოებში, რომ აქტიურად დაიწყონ მუშაობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თავდაპირველი ინფორმაციით, კომერციული ატაშეები 6 სხვადასხვა ქვეყანაში უნდა გვყოლოდა (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), მაგრამ რამდენიმე ხნის წინ, მათ იაპონიაც დაემატა.

კომერციული ატაშეების ყოველთვიური ანაზღაურება 4000-დან 7000 დოლარამდე იქნება. თანამდებობრივი სარგოს ზუსტი ოდენობა, ასევე სხვა ხარჯები იმ ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება, სადაც ეკონომიკური ატაშეები მივლინებული იქნებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი ევროში 2000-დან 4000-მდე იქნება, გირვანქა სტერლინგში კი - 1000 დან 3000-მდე.

მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. ( იხილეთ ლინკი )  მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები