1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ამოქმედდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, საბჭომ ბიზნეს დავების განხილვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების უკმაყოფილება გაითვალისწინა და უკვე ცნობილია იმ ოთხი მოსამართლის ვინაობა, რომლებიც მსგავს დავებს განიხილავენ. ესენია: თამარ ბურჯნააძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.
გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 500 000 ლარს ზევით დავის საგანს 220-მდე საქმე წარმოადგენს, რომელიც აღნიშნულ მოსამართლეებს უკვე დაეწერათ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ბიზნესთან შეხვედრებს საბჭო შემოდგომაზე გამართავს, პირადად მოისმენს მათ შეხედულებებს და შეეცდება, ბიზნესის პრეტენზიებზე რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს.
მისივე თქმით, პარალელურად, მოსამართლეები სპეციალურ გადამზადებასაც გაივლიან.
ცნობისთვის: აღნიშნული სიახლე არაა იმ რეფორმის ნაწილი, რომელზეც 2016 წლიდან დაიწყო საუბარი და რომლის თანახმად, ბიზნესდავებისთვის სპეციალიზებული კომერციული პალატები უნდა დაფუძნდეს. რეფორმას იუსტიციის სამინისტრო კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით ხელმძღვანელობს. კონსულტაციას კი, უწყებას შპს „Dechert Georgia“ უწევს.
როგორც „საქმის კურსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, მათი „რეფორმა გლობალურია და ჯერ მხოლოდ სამუშაო პროცესია“.

























