IDFI-ის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი აცხადებს, რომ 4 სამინისტროს გაუქმება-შერწყმის შედეგად ბიუროკრატია ქვეყანაში არ შემცირებულა. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა.
Bm.ge-ს მიერ სამინისტროებიდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად 3 სამინისტროში 174 შტატი გაუქმდა. ყველაზე დიდი შემცირება ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შედეგად მოხდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით 101 შტატი გაუქმდა. 47 შტატი გაუქმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, სპორტის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შერწყმის გამო კი 26 შტატი გაუქმდა. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია, რამდენი შტატი შემცირდა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებისა და მათთან შერწყმის შედეგად.
"ვერ ვნახეთ, რომ მომხდარიყო ადმინისტრაციული სახსრების მნიშვნელოვანი კლება. ეს იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, ამის ნათელი მაგალითია, რომ იმავე სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა. თუ ვნახავთ საქსტატის ბოლო მონაცემებს, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა 10 ათასით არის გაზრდილი",- აცხადებს გოგა თუშურაშვილი.
ეკონომისტი გიორგი პაპავაც მიიჩნევს, რომ მასშტაბური ცვლილებები ოპტიმიზაციას არ გამოუწვევია.
"არ არის ის მასშტაბი, რა მასშტაბითაც წარმოდგენილი გვქონდა და რა მასშტაბიტაც უნდა განხორციელდეს. გვესმოდა, რომ რაღაც პერიოდი იქნება თავიდან, როდესაც შედარებით ნელი ტემპით მოხდება ოპტიმიზაცია, თუმცა, ამ მიმართულებით ამ რიცხვებიდან გამომდინარე მოძრაობა არ შეინიშნება. საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი მუშაობს სახელმწიფო სექტორში, რაც არის კატასტროფა ქვეყნის განვითარებისთვის",- აცხადებს პაპავა.
საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში 283 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მილიონ 400 ათასს აღწევს.

























