მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40%-ით შემცირებული გაყიდვები - COVID-19-ის გავლენა "ჰაიდელბერგცემენტზე"

5e921e30a2b0c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.20 23:34
1640
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, კომპანიაზე COVID-19-ის გავლენასა და ახალი დღის წესრიგზე გადასვლის თავისებურებებზე საუბრობს.

როგორც BM.GE-ის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა, ჰაიდელბერგცემენტს ქვეყანაში კომერციული საქმიანობის შეზღუდვების დაწესებისთანავე, მიეცა სახელმწიფოს მიერ საშუალება გაეგრძელებინა 24 საათიანი ოპერირების ციკლი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელი გახდა სხვადასხვა ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესების და ამ ბიზნესებთან დაკავშირებული კომპანიების შეჩერება, გარკვეული პრობლემები რეალიზაციის კუთხით კომპანიასაც შეექმნა.

„შეკვეთების კუთხით კლება ძალიან დიდია. დღეს, რეალიზაციაში დაახლოებით 40%-იანი კლება გავქვს,"- BM.GE-სთან ამბობს ირაკლი მახარობლიძე და ის სამ მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"1) საცალო ვაჭრობა, რომელიც შეფუთული ცემენტის რეალიზაციას გულისხმობს - ყველას მოგვეხსენება, რომ შეჩერებულია და მაღაზიები არ მუშაობს. იყო პერიოდი, როდესაც თავიდან ბიზნესები ონლაინ რეალიზაციაზე გადაწყობას ცდილობდნენ, თუმცა ახლა დროებით ეს მიმართულებაც გაჩერდა. გვაქვს მოლოდინები და იმედი, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები საქართველოში ამ მიმართულებით გააქტიურების შესაძლებლობას მოგვცემს.

2) ბინათმშენებლობა - რომელიც ასევე შეჩერებული იყო თბილისის და საქართველოს მასშტაბით, თუმცა შემოწმებების მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე არის მოლოდინები, რომ გარკვეულ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ;

3) ინფრასტრუქტურული პროექტები - თავიდანვე ითქვა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტია არ გაჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები რადგად ეს არ იქნება ხელსაყრელი ქვეყნის ეკონომკისთვის. ეს მიმართულებაც ორ ნაწილად იყოფა: არის პროექტები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და არის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ფინასური ინსტიტუტებიდან იღებს დაფინანსებას - ამ პროექტების შეჩერება არ მომხდარა, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები გარკვეული დროით შეჩერდა.

ორი დღის წინ ძირითად ნაწილში შემოწმება ჩატარდა. სამშენებლო კომპანიებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს პროცესები გაგრძელდება, შემოწმდება ყველა ობიექტი და მიეცემათ მუშაობის გარძელების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან გვესმის, რომ ყველა მიმართულების გაჩერება მძიმედ აისახება თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობაზე.

ამავე დროს სრულად ვაანალიზებთ ვირუსთან ბრძოლის საჭიროებებს. ქართველი ექიმები მოწოდების სიმაღლეზე დგანან, რაც გვაძლევს იმედს, რომ ვირუსის გავრცელება არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა ქვეყნებში“, - განმარტავს ირაკლი მახარობლიძე.

მისი თქმით, „ჰაიდელბერგცემენტი“ საერთაშორისო ბრენდია და COVID-19-ით შექმნილი გამოწვევები ყველა ქვეყანაში ანალოგიურია.

„ეს პრობელმა არ არის ლოკალური და მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს ამ მძიმე პანდემიას, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბალანსის მოძებნა ეკონომიკურ აქტივობასა და ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ზომებს შორის. ანალოგიური გამოწვევა აქვს ქართულ ეკონომიკასაც. საქართველოში აქცენტი თავიდანვე სწორად იყო დასმული - მშენებლობის და ინფრასტრუქტურის ნაწილი უნდა იყოს ის ბოლო ზომა, რომელსაც მივიღებთ ბიზნესის გაჩერების კუთხით. თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებში სამშენებლო ბიზნესი მხოლოდ ესპანეთსა და იტალიაშია სრულად შეჩერებული, დანარჩენ ქვეყნებში, სადაც ჰაიდელბერგცემენტია წარმოდგენილი, კომპანია აგრძელებს ოპერირებას, ისევ და ისევ იქაური ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ“, - აღნიშნა კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები