მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“40-მდე გაზგასამართი სადგურია დაჯარიმებული… ჯარიმები უნდა შეჩერდეს” - ასოციაცია

LPG

თბილისის მერია თხევადი გაზის სარეალიზაციო ობიექტების დაჯარიმებას განაგრძობს, ბიზნესი კი ამტკიცებს, რომ ფუნქციურ ზონებში სახიფათო მასალების განთავსების რეგულირება გაზგასამართ სადგურებზე არ ვრცელდება.

თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის თავმჯდომარე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სექტორი წერილს ამზადებს და დაკისრებული ჯარიმების მოხსნას და საკითხის სექტორთან განხილვას მოითხოვს. მათი თქმით, თბილისის საკრებულოს დადგენილებით მოთხოვნილი ტექნიკური სტანდარტები თავად საქართველოს მთავრობის აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში.

“დადგენილებაში ერთი პუნქტია, რომ ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალა აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობაში, როცა ეს დაუშვებელი და შეუძლებელია, რადგან თხევადი გაზის ბლოკური ტიპის სადგური არ შეიძლება იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობაში სახანძრო და სხვა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე.

არსებობს 2013 წლის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია 37 ქვეყნის სტანდარტები და რეგლამენტები, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ და განვათავსოთ თხევადი გაზის სადგურები. იქ აღნიშნულია, რომ თხევადი გაზის სადგური დაუშვებელია იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობაში. შესაბამისად გაუგებრობაა საკრებულოს დადგენილების ჩვენზე გავრცელება.

იურისტთა ჯგუფი მოქმედი კანონების საფუძველზე ამზადებს წერილს, რომელიც გაეგზავნება მერიას და სხვა სტრუქტურებს, სადაც კანონის საფუძველზე იქნება დასაბუთებული სად, რა პირობებში უნდა იყოს განთავსებული თხევადი გაზის სადგური.

უნდა მოხდეს ჯარიმების შეჩერება და გაბათილება. დღესაც არ არის შეჩერებული დაჯარიმების პროცესი. სადღაც უკვე 40 ჯარიმამდე არის დაწერილი, რაც შემომივიდა ინფორმაცია”,-აცხადებს ნარიმან ფირცხელიანი.

ასოციაციის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით დღეის მდგომარეობით 40-მდე გაზგასამართი სადგურია დაჯარიმებული, ჯარიმების ოდენობა კი 2 500-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.

2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის კრძალავს და წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც ახალი სტანდარტით, 5-ჯერ მაღალია.

ახალი მოთხოვნები უკვე გავრცელდა საბურავების რეალიზაციის სექტორზე - თბილისის გარკვეულ საცხოვრებელ ზონებში, მეორადი საბურავების რეალიზაცია შეიზღუდა - რეალიზატორებს კი, ალტერნატიული ფართების მოძიება მოუწიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები