„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მეთოდურად ახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედებებს, რომლებიც სახელმწიფო მმართველობას და საკანონმდებლო სისტემებს სულ უფრო აშორებს ევროპას და რუსეთთან აახლოებს.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას არაერთხელ დაუდასტურა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის ნებისმიერ ნაბიჯზე წავიდეს.
TI იხსენებს 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, განაცხადა, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნულმა ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, დააზიანა დემოკრატიული განვითარება და რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა.
TI-ის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის შეზღუდოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება, დაასუსტოს პოლიტიკური პლურალიზმი და გაწყვიტოს კავშირები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასახელებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგა და რომელთა მიზანი ქვეყნის ევროპასთან დაშორება იყო.
TI-ის მიერ წარმოდგენილი ჩამონათვალი უცვლელად გთავაზობთ:
TI-ს შეფასებით, "ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები:
1. გააყალბა და რეალურად არ გამოიძია 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები.
2. პარლამენტი შეიკრიბა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით.
3. დაარბია და აწამა მშვიდობიანი დემონსტრატები, მათ წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, არ დასაჯა უკანონო ბრძანების გამცემი და ამ ბრძანების შემსრულებელი პირები.
4. საქართველოში გაჩდნენ სინდისის პატიმრები.
5. საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით და იმავდროულად, მათ მიმართ აღძრულია ახალი საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების მოტივით.
6. ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ნორმა გახდა. კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოში მუშაობა საფრთხის შემცველია. საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული დევნის და ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
7. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით და დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.
8. მოახდინა მოქალაქეთა შორის სოლიდარობის კრიმინალიზება.
9. შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტების და პარტიების განადგურების და აკრძალვის მიზნით.
ანტიდემოკრატიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონები:
10. პარლამენტმა მიიღო კანონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და სტიგმატიზაციის მიზნით.
11. გრანტების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდა მოქალაქეების დახმარება და ზოგადად მათი საქმიანობა შეუძლებელი გახდა.
12. შეიზღუდა შეკრებების და მანიფესტაციების ჩატარება და მოხდა მიტინგების კრიმინალიზება.
13. დაიწყო დევნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო, გაჩნდა ცენზურის მცდელობები.
14. გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო.
15. გაუქმდა სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების გარანტიები.
16. მიიღეს მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა.
17. გამარტივდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების წესი.
18. საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა “ქართული ოცნების” სარჩელი 3 მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით.
19. გაუქმდა საჯარო მოხელეების გარანტიები და მათი დევნა მარტივი გახდა.
20. ქართულმა ოცნებამ მიიღო ე.წ. ოფშორების კანონი.
21. სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა.
22. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს აღარ განახორციელებს.
23. "განათლების რეფორმა" ქართულ საგანმანათლებლო სირვცეს ევროპას აშორებს.
24. შეიზღუდა საზოგადოების ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მმართველობის სტრუქტურული ცვლილებები:
25. გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
26. გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
27. უქმდება ანტიკორუფციული ბიურო.
28. უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
29. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო.
30. გაუქმდა დაზვერვის სამსახური
31. პარლამენტში გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო.
32. გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ.
ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა და რუსულ სივრცეში ინტეგრაცია:
33. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მტრად გამოაცხადეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები.
34. აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.
35. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა დასავლეთის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე.
36. დასავლური ქვეყნებისგან პერსონალური სანქციები მასშტაბური გახდა.
37. ქართული ოცნების მთავრობა არ მონაწილეობს ევროპულ სტრუქტურებს.
38. შეიქმნა რუსული სტილის ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანა.
39. ქართული ოცნების მთავრობამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.
40. გაიზარდა რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში.
41. რუსეთიდან საქართველოს პორტში შემოვიდა რუსული კომპანიის ნავთობი, რომლის მფლობელი სანქცირებულია. ამჟამად ეს კომპანია “რუსნეფტი” სანქცირებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ."
"ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ქართული საზოგადოება მთელი წლის განმავლობაში არ წყვეტს ბრძოლას. მას არ სურს ცხოვრება რუსული სტილის ავტორიტარიზმის პირობებში და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქის უფლება, სადაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს არჩევნების მიტაცებას და სადაც არ იქნებიან პოლიტიკური და სინდისის პატიმრები", - წერს TI.




























