700-ზე მეტი სტომატოლოგი უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის ვალდებულების გადავადებას და ბუნდოვან საკითხებზე განმარტებებს ითხოვს. როგორც bm.ge-ის „ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის“ ლიგაში უთხრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთი გამოწვევა წარმოიშობა, მათ შორის, სტომატოლოგიური სერვისები გაძვირდება, რიგ შემთხვევებში კი საქმიანობა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.
საქმე ისაა, რომ 432-ე დადგენილების თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ქულა დააგროვონ.
ვალდებულების ამოქმედებამდე 4 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, სტომატოლოგებს კი მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. „ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა bm.ge-სთან აღნიშნა, რომ ლიგას 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, რომელთა სახელითაც ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილ წერილს სათანადო უკუკავშირი არ მოჰყოლია. როგორც ის განმარტავს, არის კითხვები, რა ფორმით და ვის შეეხება ვალდებულება ან რა სახის რეაგირება მოჰყვება დარღვევას. გადავადების მოთხოვნით და არსებული კითხვებით ლიგამ წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზეც შეიტანა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კოლეგების უფლებადამცველი ორგანიზაცია ვართ, გადავწყვიტეთ წერილით მიგვემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათგან ძალიან გულგრილი პასუხი მივიღეთ, რომ პრობლემას ვერ ხედავენ და ჩვენ წელიწადზე მეტი გვქონდა, რომ მოვმზადებულიყავით, ეს ქულები აგვეღო. ეს პასუხი ჩვენ ვერანაირად ვერ დაგვაკმაყოფილებს, რადგან არის გაურკვევლობა, არ ვიცით რა სანქციებია, რა ჯარიმა დაეკისრება, სტომატოლოგი დაჯარიმდება თუ კლინიკა, ეგეც არაა განმარტებული, თუ საზღვარგარეთაა სტომატოლოგი როგორ უნდა მოახერხოს ქულების მოგროვება და ხომ არ ჩამოერთმევა სერტიფიკატი... გამოვიდა ხმა იმაზეც, რომ საქმიანობის უფლება აეკრძალებათ, თუ სტომატოლოგები საჭირო ქულებს ვერ შეაგროვებენ. ჩვენ გვინდოდა, რომ სახელმწიფოს უბრალოდ მოესმინა ჩვენთვის და ეს ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც პაციენტებისთვის იქნება უკეთესი. დავრჩით შეურაცხყოფილები, რომ ჩვენმა მინისტრმა, რომლის ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ შეგვხვდებოდა და რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლიდით, 700 სტომატოლოგის აზრი უგულებელყო. ახლა პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ წერილი და იმედი გვაქვს, ის მაინც შეძლებს, პასუხი გაგვცეს, შეგვხვდეს“,- ამბობს ირინა ბერკაცაშვილი.
მისი განმარტებით, სტომატოლოგები პროფესიული განვითარების წინააღმდეგნი არ არიან და ტრენინგებს ისედაც მუდმივად გადიან, თუმცა არსებული მიდგომა მრავალ გამოწვევას ქმნის და გადავადება მნიშვნელოვანია, ვინაიდან: ტრენინგები გვიან დაიგეგმა, სტომატოლოგების ნაწილმა არც კი იცის ვალდებულების შესახებ, შეზღუდულია ტრენინგებზე ადგილების რაოდენობაც, არ ტარდება რეგიონებში, ტრენინგების ნაწილი სტომატოლოგებს უკვე გავლილი აქვთ, ღირებულება საკმაოდ მაღალია და ა.შ.
„რა თქმა უნდა პროფესიული განვითარების წინააღმდეგი არავინაა. როდესაც ეს ცვლილება შედიოდა დადგენილებაში, ჩვენ დავეთანხმეთ ამ პუნქტს, რომ ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება საჭიროა, თუმცა ეს ყველაფერი სწორად უნდა იყოს დაგეგმილი, უნდა იყოს ადეკვატური ტრენინგები, რომლებიც მართლაც იმუშავებს კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ეს ყველაფერი სერვისის ფასზეც იმოქმედეს და გაზრდის, რადგან კანონმორჩილი სტომატოლოგები, რომლებიც ცდილობენ იაფფასიანი ტრენინგებით 20 ქულა მოაგროვონ წლის განმავლობაში და ამასთან, სურთ კვალიფიკაციაც აიმაღლონ, ამისთვის რეალურად საჭირო ტრენინგებიც უნდა გაიარონ, რომლებიც საკმაოდ ძვირია და რიგ შემთხვევებში 6 000 ლარიც კი ღირს. ეს რა თქმა უნდა, ხარჯებს ძალიან ზრდის.
ამასთან, გაურკვევლობის ფონზე, სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ იძულებულნი გახდებიან, გაათავისუფლონ ის ექიმები, რომლებსაც მუშაობის უფლება შეუწყდებათ და ქულებს ვერ შეაგროვებენ. ამით იქამდე მივდივართ, რომ კონფლიქტი გაღვივდება დამსაქმებლებსა და დაქირავებულ სტომატოლოგებს შორის.
სტომატოლოგები, რომლებიც დაჯარიმდებიან გადავლენ იატაკქვეშა სივრცეში, უნებართვო საქმიანობის სფეროში, სადაც ინფექციები და სტანდარტები ვეღარ გაკონტროლდება. სახელმწიფო ვერც ერთ სტომატოლოგს აიძულებს, რომ დიპლომი, რომელიც წლების მანძილზე უდიდესი შრომით მოიპოვა, დათმოს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ სტომატოლოგების უკან ოჯახები დგას. ეს მხოლოდ 700 სტომატოლოგს არ ეხება, კიდევ ძალიან ბევრია, რომელიც გვიკავშირდება. თუ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება, შევძლებთ, რომ უკეთ დაიგეგმოს და მათ შორის, სახელმწიფომ აკრედიტაცია გაატაროს ისეთ ტრენინგებს, რომლებიც რეალურად ემსახურება კვალიფიკაციის ამაღლებას“,- ამბობს ირინა ბერკაცაშვილი.
bm.ge-ი საკითხის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ "ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას" წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნეს.
თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს წერილში, რომელიც ლიგამ გაასაჯაროვა, აღნიშნულია, რომ აკრედიტებულია დაახლოებით 40 უსგ პროგრამა და კონფერენცია სტომატოლოგიური პროფილის ექიმებისთვის, ასევე რამდენიმე პროგრამა გადის აკრედიტაციის პროცესს. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული 20 კრედიტ-ქულის მოგროვება წელიწადში არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ წინაღობას.