მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ვერ მოვითხოვთ სესხებზე 2%-იან განაკვეთს"

5acf5c3f782fa
მეგი კავთუაშვილი
12.04.18 17:15
1931
"ცოტა უცნაურია, როდესაც ფინანსთა მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ რომელიმე სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. მათ ხელშია ყველა ბერკეტი, მათ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი კანონები, მარეგულირებელთან იმუშაონ იმაზე, რომ გაუმჯობესდეს საბანკო სექტორი", - განუცხადა BM.GE-ს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძემ.

მისი თქმით, საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მიყვება.

„მაღალი რისკების გამო, მცირე ბიზნესის დაკრედიტებაში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, მაგრამ როდესაც ქვეყანაში გვაქვს 4.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვერ მოვითხოვთ სესხებზე 2 %-იან განაკვეთს. ძირითადად ბიზნესსესხებზე იყო საუბარი. მათ ხელშია ყველა ბერკეტი. შესაბამისად მათ უნდა იმუშაონ ამისთვის და კი არ უნდა გვითხრან რომ რაღაც სექტორი ცუდად მუშაობს ან ვიღაცის წინააღმდეგ მუშაობს, არამედ თვითონ უნდა შეცვალონ ეს გარემო. ისინი არ არიან ბანკების ოპოზიცია, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აწესებენ თამასის წესებს. ბანკებთან შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მოსახლეობას, ბიზნესს, მაგრამ როცა ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, მან უნდა იმოქმედოს ამისთვის და არ უნდა გამოდიოდეს ეკონომიკური მიმომხილველის პოზიციაში“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

„მაღალ პროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, -აღნიშნა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები