მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

45-მილიონიანი ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, სამინისტრომ სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოაცხადა

სასკოლო ფორმა

განათლების სამინისტრომ 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შესყიდვის ფასთა გამოკვლევისთვის ბაზრის კვლევა მეორედ გამოაცხადა. კვლევის დასრულების დროდ კი 25 მაისია მითითებული.

შესაბამისი პირობები ბაზრის კვლევის დოკუმენტშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს როგორც ფორმების წარმოება, ისე მათი ტრანსპორტირება და მითითებულ მისამართებზე დასაწყობება საკუთარი ხარჯით.

საქმე ის არის, რომ იქამდე უწყება 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის დაახლოებით 1.8 მილიონი სასკოლო ფორმის შეძენას გეგმავდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 44.9 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა ტენდერი 14 მაისს შეწყდა.

ახლად გამოცხადებული კვლევა მოიცავს, გოგოსა და ბიჭის პიჯაკებს, შარვლებსა და ქვედაკაბებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის. ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე, 25 აგვისტომდე, გათვალისწინებულია 301 000 ერთეულის მიწოდება. მეორე ეტაპზე 15 ოქტომბრამდე დამატებით 600 000 ერთეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 30 ნოემბრამდე, კიდევ 900 000 სასკოლო ფორმა უნდა მიეწოდოს შემსყიდველს. ზუსტად იგივე მოთხოვნები იყო გაწერილი პირველ კველვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქონლის მიწოდების ადგილი თბილისია, თუმცა ფორმები შემსყიდველის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართებზე უნდა გადანაწილდეს.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, თითოეულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს იარლიყი, სადაც მითითებული იქნება ქსოვილის შემადგენლობა, მოხმარებისა და რეცხვის პირობები, ასევე ზომა. თითოეული ფორმა ინდივიდუალურად უნდა შეიფუთოს, ხოლო მეორეულ შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ბარკოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის იდენტიფიცირება რეგიონების, ზომებისა და კატეგორიების მიხედვით.

მიმწოდებელი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველთან შეათანხმოს ფორმების ფერი, თარგი და ბრენდირება, მათ შორის ლოგოები, წარწერები და სხვა ვიზუალური დეტალები, რის შემდეგაც დაიწყებს წარმოებას.

დოკუმენტის მიხედვით, ფორმები უნდა აკმაყოფილებდეს ISO 8559-1:2017 საერთაშორისო სტანდარტს, ხოლო გამოყენებული ქსოვილები შესაბამისობაში უნდა იყოს OEKO-TEX Standard 100-ისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან.

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს პროდუქციის ხარისხი და შერჩევითი პრინციპით ჩაატაროს ექსპერტიზა. ექსპერტიზა შესაძლოა განხორციელდეს როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ისე საერთაშორისო აკრედიტებულ ორგანიზაციებში, მათ შორის SGS-ში, INTERTEK-სა და EKOTEKS-ში. ექსპერტიზის ხარჯებს მიმწოდებელი დაფარავს.

ტენდერის პირობების მიხედვით, მიწოდებულ ფორმებზე საგარანტიო ვადა მინიმუმ 12 თვე იქნება. ამ პერიოდში ფორმებმა არ უნდა დაკარგოს ფერი ან ფორმა, მათ შორის რეცხვის შემდეგ. დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას პროდუქციის ახლით ჩანაცვლება 10 სამუშაო დღეში მოუწევს.

დოკუმენტის მიხედვით, ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიას ან მის ქვეკონტრაქტორს 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 მილიონი ლარის ღირებულების ტანსაცმლის შეკერვის, მიწოდების ან რეალიზაციის გამოცდილება.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია შესყიდვის ღირებულების 2.5%-ით განისაზღვრება. ამასთან, მიმწოდებელს, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ავანსიც გადაერიცხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები