2024 წლის პირველ კვარტალში TBC UZ-ში გაცემული სესხების მოცულობა 127%-ით, დეპოზიტები კი თითქმის 76%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კომპანიამ უზბეკეთის მასშტაბით 18.4 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წლიურად თითქმის 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი ამ წარმატებული მაჩვენებლების სამ მიზეზს ასახელებს.
“პირველ რიგში, ამ შედეგს საქმის კარგად აღსრულებას და იმ შესანიშნავ გუნდს მივაწერდი, რომელიც უზბეკეთში გვყავს. TBC UZ-ის გუნდი 17 განსხვავებული ეროვნების ადამიანს აერთიანებს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი არამარტო საქართველოდან და უზბეკეთიდან, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან გვყავს დასაქმებული. ამ გუნდს გასაოცარი უნარები და შესაძლებლობები გამოარჩევს. რაც შეეხება მეორე ძირითად მიზეზს, ეს თავად ქვეყანას უკავშირდება. მოგეხსენებათ, უზბეკეთს ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. წარმატების მესამე მიზეზი კი ჩვენ მიერ შერჩეული სტრატეგიაა, რომელსაც ზუსტად მივყვებით და მკაცრად გვაქვს განსაზღვრული ის სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც განვითარების მიმართულებით უნდა გადაიდგას. სწორედ ამ სამი ფაქტორის გაერთიანება გვაძლევს იმ შედეგს, რომელზეც ახლა ისაუბრეთ”, - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” სტუმრობისას.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, თიბისი უზბეკეთში უკვე ოთხი წელია ოპერირებს, რა დროის განმავლობაშიც ამ ქვეყნის ბაზარზე სამი კომპანიით წარმოდგენა მოახერხეს, მათ შორისაა: ციფრული ბანკი TBC UZ; ერთ-ერთი უდიდესი საგადახდო პლატფორმა Payme და Payme Nasiya, რომელიც სესხის გამცემი მსხვილი პლატფორმაა.
“ცხადია, ამ სამივე კომპანიას პროდუქტების საკუთარი პორტფელი აქვს, მაგრამ შევეცდები ზოგადი სია გაგაცნოთ: ჩვენ ბაზრის დიდი წილი გვაქვს P2P ტრანზაქციების მიმართულებით, ასევე კარგი შედეგი გვაქვს სამომხმარებლო სესხების კატეგორიაში. რა თქმა უნდა, გვაქვს სადეპოზიტო პროდუქტები და, შეიძლება ითქვას, ჩვენი პორტფელი თითქმის მთლიანად დაფინანსებულია ადგილობრივი დეპოზიტების ხარჯზე. ასევე, გვაქვს საბანკო ბარათების სერვისი და სწორედ ახლა ვიწყებთ საკრედიტო ბარათების გაცემას.
აგრეთვე, საკმაოდ მალე ჩავუშვებთ ახალ პროდუქტებს ბიზნესებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგმაში არაერთი საინტერესო პროდუქტის გაშვება გვაქვს, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობითაც საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელით ვართ წარმოდგენილი.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის მასშტაბით კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებით საკმაოდ მსხვილი მოთამაშეები ვართ, ანუ მომხმარებლები ტრანზაქციების განსახორციელებლად ჩვენს აპლიკაციებს ირჩევენ. არსებული პროდუქტებისა და სამომავლო პროექტების ასეთი ფართო ჩამონათვალი გვაძლევს სწორედ იმ შედეგს, რომელსაც ახლა ფინანსურ ანგარიშში ვხედავთ”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.