1976 წლის შემდეგ პირველად, რუსეთმა მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდი Luna-25 გაგზავნა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ ხომალდი პარასკევს, მოსკოვის დროით 02:11 საათზე დედაქალაქიდან 5 550 კმ-ის მოშორებით მდებარე “ვასტოჩნის” კოსმოდრომიდან გაუშვა. ხომალდი მთვარის ზედაპირზე, სავარაუდოდ, 21 აგვისტოს დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ ლენდერის გაშვება 23 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საკუთარი ხომალდი მთვარეზე უკვე გაგზავნა, რუსეთისათვის კოსმოსურ რბოლაში დაწინაურება გახდა საჭირო.
“როსკოსმოსი” იმედოვნებს, რომ მათი ხომალდი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსს პირველი შეისწავლის, რადგან სწორედ ეს ნაწილი რჩება მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ შეუსწავლელ ადგილად, სადაც, სავარაუდოდ, წყლის მოპოვებაა შესაძლებელი. Luna-25 მთვარეზე 1 წელს გაატარებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, კრემლის განცხადებით, მთვარეზე ხომალდის გაგზავნა იმასაც ადასტურებს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, რომელთა ნაწილიც მოსკოვის აერონავტიკის სექტორის წინააღმდეგაც იყო მიმართული, რუსეთის ეკონომიკა ვერ შეარყიეს.