„საქართველოს რკინიგზის“ 4800 თანამშრომელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ით მატებას მოითხოვენ.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა, შესაბამისად ერთადერთი გზა დარჩათ-აქციის, როგორც პროტესტის ფორმას მიმართონ.
„დავიწყეთ პროფკავშირმა კოლექტიური დავა რკინიგზის ადმინისტრაციასთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიზარდოს რკინიგზელების ხელფასები. პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. ვიყავით მზად, რკინიგზის ადმინისტრაციისთვის შეგვეთავაზებინა ეს გეგმა. დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი პროცესში თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე.
ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში ხელი აქვს მოწერილი კონკრეტულად საგაფიცო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე. პროფკავშირებს ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს პროცედურები ჩავსვათ კანონის ფარგლებში, რომ გაფიცვა იყოს კანონიერი.
სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია ჩვენთან კომუნიკაციას არ აწარმოებს. მეტიც, სახელმწიფო უწყებაა, დანიშნულია მენეჯმენტი მთავრობის მხრიდან და სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელსაც კი არ შეხვდნენ. ეს ინსტიტუციურ უპატივცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე საბოტაჟში ნიშნებია იმიტომ, რომ ზუსტად იცის რკინიგზის ადმინისტრაციამ თუ მოლაპარაკებები არ შედგება გაფიცვა იქნება,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.

























