მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ უნდა გვახარებდეს"

5b0ec75a53184
ელენე გოგბერაშვილი
30.05.18 20:40
1431

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების ანგარიშის მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,5%-ით არის გაზრდილი, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,5% დაფიქსირდა.

ეკონომიკა იზრდება, თუმცა, არ იზრდება მოსახლეობის კმაყოფილება. IRI-ის კვლევის მიხედვით, მატულობს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც ამბობს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით გაუარესდა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა, შესაბამისად, ძნელია ადამიანებმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე შეიგრძნონ. ილიაუნის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავა ამბობს, რომ ამას წლები სჭირდება.

"დღევანდელ მთავრობას ჰქონდა გარკვეული მცდელობები იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გაეხადა ინკლუზიური, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა თუ სხვა.  პრობლემა ის არის, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა არის დაბალ ნიშნულზე, ძნელია ადამიანმა შეიგრძნოს 2-3-4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამას სჭირდება წლები, რომ რეალურდ იგრძნოს რეალური შედეგი დაგროვებული ეკონომიკური ზრდიდან. მთავრობიდან მოსახლეობა გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე, ამის მიღწევა შეძლო. შეიძლება, მოსახლეობის 67% არ იყო უფრო უარესად, ვიდრე 12 თვის წინ, მაგრამ ეს გაუმჯობესება იმდენად უმნიშვნელოა, რომ ისინი ამას არ გამოხატავენ. მნიშვნელოვნად რომ შეიგრძნონ ადამიანებმა კეთილდღეობა, ამისთვის საჭიროა მაღალი ეკონომიკური ზრდა",-აცხადებს პაპავა.

ის, რომ ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება, ამაზე მიუთითებს ფინანსისტი ვასილ რევიშვილიც. მისი თქმით, ამის მიზეზი დაბალი ეკონომიკური ზრდა და დოლარიზებული ეკონომიკაა.

"საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მცირეა. იმისათვის. რომ მოსახლეობამ იგრძნოს ეკონომიკური ზრდის შედეგი, ეს ზრდა უნდა იყოს გრძელვადიანი და 5% არ უნდა გვახარებდეს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯერ კიდევ დოლარიზებული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ინფლაცია ამას ასწორებს, მაგრამ ის არ აბათილებს კურსის ეფექტს. იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა დაეტყოს ყველას, ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მიგვიყვანის დიდ ეკონომიკამდე, თუმცა ეკონომიკა ჯერჯერობით კიდევ ძალიან მცირეა", -განმარტავს ვასილ რევიშვილი.

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები